ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, გლობალური პანდემიის შედეგად გამოწვეულმა კრიზისმა, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც არაერთ სფეროში გამოავლინა ახალი სირთულეები და საჭიროებები.
ეკონომიკური კრიზისის ფონზე სურსათის, საყოფაცხოვრებო ნივთებისა და მედიკამენტების კიდევ უფრო გაძვირება განსაკუთრებულად დაეტყო ხანდაზმული ადამიანების მდგომარეობას. მათ, ვისაც ყოველდღიური მოხმარების საგნების შესაძენად ერთადერთი შემოსავალი – ყოველთვიური პენსია არ ჰყოფნის, იძულებულია, საჭირო თანხა ბანკიდან რამდენიმე თვით ადრე, წინასწარ, სესხის სახით აიღოს.
ე.წ. საპენსიო სესხი არის არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი, რომელიც მხოლოდ შემოსავალზეა (პენსიაზე) დაფუძნებული. ასეთი ტიპის სესხი კი მაღალრისკიანია ნებისმიერი ბანკისთვის, რადგან მისი მომხმარებელი მაღალი ასაკობრივი ჯგუფია.
დღეს, საქართველოს საბანკო ბაზარზე, 1000-1500 ლარის ფარგლებში გაცემული ყველა ასეთი ტიპის სესხის განაკვეთი საშუალოდ შეადგენს ე.წ. ეფექტურ 35%-ზე მეტს, რადგან ნომინალურ განაკვეთს, რაც დღეს დაახლოებით 24%-ს შეადგენს საკომისიო და დაზღვევის გადასახადები ემატება.
დღეის მონაცემებით, საქართველოში 60 წელზე მეტი ასაკის ადამიანებისთვის არაუზრუნველყოფილ (უგირავნო) სესხზე კომერციული ბანკების უმეტესობას დაწესებული აქვს მნიშვნელოვანი ასაკობრივი შეზღუდვა. საბანკო სექტორში “ლიბერთი ბანკი” ერთადერთია, სადაც ასეთი არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხი მკაცრი ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე გაიცემა.
პენსიონერებისთვის ამ მომსახურების გაწევა, შესაძლოა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, თუკი რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ინიციატივის შედეგად, საპენსიო ტენდერი დაიშლება და მომსახურების პროცესში რამდენიმე ბანკი ჩაერთვება.
ტენდერის დაშლის მომხრეთა არგუმენტი იმის შესახებ, რომ ბანკების კონკურენციის პირობებში პენსიონერს მიეცემა შესაძლებლობა აირჩიოს უკეთესი შეთავაზება, მათ შორის სესხის პირობებზეც, გაურკვეველია, რადგან დღევანდელი მოდელით პენსიონერს ისედაც შეუძლია აირჩიოს ბანკი როგორც პენსიის, ისე სესხის მისაღებად. თუმცა, 70 წელზე უფროსი ასაკის ადამიანს, „ლიბერთისგან“ განსხვავებით, სესხებს პრაქტიკულად არავინ აძლევს.
ამასთან, გარდა იმისა, რომ საბოლოო ჯამში, საპენსიო ტენდერის დაშლა ყველაზე მეტად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ ათასობით პენსიონერს დააზარალებს, ასევე სირთულეები შეექმნება სახელმწიფოსაც, რომელსაც დღეს სისტემა აწყობილი აქვს ერთ ბანკთან ურთიერთობაზე, პროცესში რამდენიმე ბანკის ჩართვის შემთხვევაში კი საჭირო გახდება მეტი რესურსის მობილიზება, რაც, პირდაპირპროპორციულად აისახება ბიუჯეტის ხარჯების გაზრდაზეც.