საპენსიო რეფორმა ძალაში 2017 წლიდან შევა, ამის შესახებ დღეს რეფორმის საჯარო განხილვაზე აღნიშნეს, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილიც ესწრებოდა. მინისტრის თქმით, რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და მასზე მუშაობისას ბრიტანულ გამოცდილებას გაითვალისწინებენ. ამასთან, პროექტის შემუშავების პროცესში ბრიტანელი სპეციალისტებიც არიან ჩართული.
საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთარ ძიძიკაშვილმა კი განაცხადა, რომ რეფორმა ორი კონცეფციისგან შედგება – სოციალური პენსიის გაზრდა ინფლაციის შესაბამისად და კერძო დაგროვებითი სისტემის დანერგვა.
საპენსიო რეფორმის კონცეფციის თანახმად, საპენსიო ფონდში დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო ორ-ორ პროცენტიან შენატანებს გააკეთებენ. კონცეფცია ნებაყოფლობით პრინციპზეა აგებული – სისტემაში მხოლოდ მსურველები გაწევრიანდებიან და საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ დამატებით ფინანსურ შემოსავალს მიიღებენ. არ გაუქმდება და ისევ იარსებებს დღეს არსებული სოციალური პენსიის მოდელი, რომელიც ყველა პენსიონერზე გავრცელდება.
რეფორმის შემდეგ დასაქმებული, რომელიც მიიღებს მონაწილეობას და შენატანის სახით განახორიელებს 2%-იან კონტრიბუციას საპენსიო ფონდში, დამსაქმებლიც და სახელმწიფოც დამატებით განახორციელებენ ორ-ორ პროცენტიან შენატანს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ყოველთვიური გადარიცხული თანახა საპენსიო ფონდში შეადგენს 6%-ს. შემდეგ მოხდება ამ თანხის ინვესტირება სხვადასხვა აქტივებში და მოგების სახით დაემატება პენსიონერს.
სისტემაში ჩართულ მოქალაქეს, სურვილის შემთხვევაში 2%-ზე მეტი შენატანის შესაძლებლობაც ექნება.