LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

125
„ინტერპრესნიუსის“ ფოტო - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე - სასამართლო პროცესი

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. ამ გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში მყოფი საზოგადოების უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი „მონებო“, „რუსებს“ სკანდირებენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით დაკავებულები – ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კინაძე და სერგეი კუხარჩუკი კვლავ პენიტენციურ დაწესებულებაში რჩებიან.

ანდრო ჭიჭინაძე: „ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მარტო წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს… ძალიან უცნაური პროცესია, ვერ ვხვდები, რა ხდება“

ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი მოსამართლეს: „ანდრო წინა რიგში იდგა, პოლიციელმა წყლით სავსე ბოთლი ისროლა, რომელიც ანდროს წინ დაეცა, მან ეს ბოთლი აიღო და უკან დააბრუნა, რომელიც შუა ადგილას დაიქცა რომელ დაზიანებაზეა საუბარი?“

მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ასევე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელებაზეც გააკეთა განმარტება. როგორც ჯაჭვაძემ აღნიშნა, საქმის მოცულობის გამო, საგამოძიებო ვადის გაგრძელება არაერთხელ მომხდარა და ამ შემთხვევაში კონკრეტული სახელები და გვარები არაფერ შუაშია. აღნიშნულის შემდეგ ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს, რაც ჯაჭვაძემ არ დააკმაყოფილა.

დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა. ადვოკატები ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 1000, 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას სთხოვდნენ, ადვოკატების ნაწილი კი გირაოს ოდენობის განსაზღვრას სასამართლოს ანდობდა.

პროკურატურა ყველა ბრალდებულის კვლავ პატიმრობაში დატოვებას შუამდგომლობდა. პროკურორები განმარტავდნენ, რომ საქმეზე არაერთი საგამოძიებო მოქმედებაა ჩასატარებელი, რისთვისაც ბრალდებულებს თავისუფლებაში ყოფნის დროს შესაძლოა, ხელი შეუშალათ.

სხდომას ყველა ბრალდებული ესწრებოდა. ნაწილმა მათგანმა სიტყვითაც ისარგებლა. ისინი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

ცნობისათვის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძის და სერგეი კუხარჩუკის საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა.

ონისე ცხადაძე: „ამ ქვეყნისთვის ადამიანები კვდებოდნენ და არ მინდა მეც ნაკლები გავაკეთო…. ქვის სროლას და ფოიერვერკის, კვამლს რომ უშვებს, მის სროლას მედავებიან. ლამის ფეხში გავირტყი და გთხოვთ, თვითმკვლელობის მცდელობისთვის 500 ლარით დამაჯარიმოთ“

ეკა ბესელია: „ჩვენი იურისტების ჯგუფი იცავს ანდრო ჭიჭინაძეს, ეს სამართლებრივი დავა, თუ აქ არ დასრულდება, საერთაშორისო სასამართლოში გადაინაცვლებს“

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g