თბილისის საქალაქო სასამართლოში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ძმების დავით და გურამ კაკულიების სასამართლო სხდომა გაიმართა – დღევანდელ სხდომაზე გამოიკვლიეს მტკიცებულებები, მათ შორის იარაღი, რომელიც გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას სახელზეა რეგისტრირებული და რომელიც კაკულიების დაკავების დროს ამოიღეს.
გარდა ამისა, გამოჰკითხეს ბრალდების მხარის მოწმეები. გურამ და დავით კაკულიების ადვოკატის, მარიამ შათირიშვილის განცხადებით, ჩაფხუტით ჩატარებული ექსპერიმენტის შედეგად მტკიცდება, რომ საქმის ოქროს მოწმის ჩვენება სიმართლეს არ შეესაბამება.
„მოვარგეთ აღნიშნული ჩაფხუტი, გვაინტერესებდა, რომ სასამართლოს შეეფასებინა რამდენად რეალური იყო ამ ოქროს მოწმის ჩვენება. ძალიან თვალნათელი იყო სასამართლოსთვისაც და დარბაზში დამსწრეთათვისაც, რომ გარდა თვალების და ცხვირის ნაწილის აწეულ ჩაფხუტში არაფერი არ ჩანს. შესაბამისად, ის ამოცნობა, ბრჭყალებში, რითაც ბრალდებულია გურამ კაკულია, ანუ ოქროს მოწმის ჩვენება, გახლავთ უბრალოდ ტყუილი,“ – განაცხადა მარიამ შათირიშვილმა მედიასთან.
პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის განცხადებით კი, გამოკვლეულ იქნა „SIG Sauer“-ის მარკის პისტოლეტი, რომელიც ზურაბ ჟვანიას სახელზეა რეგისტრირებული და რომლის უკანონო შეძენა-შენახვასაც ბრალდება ძმებ კაკულიებს ედავება.
„მტკიცებულების სახით იქნა გამოკვლეული ორივე ჩაფხუტი, ანუ ის ჩაფხუტები, რომლითაც ბრალდების მხარის მტკიცებით და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რა თქმა უნდა ამას, გადაადგილდებოდნენ ბრალდებულები.
„SIG Sauer“-ის იარაღი, როგორც არაერთხელ განვმარტეთ და საქმის მასალებით ირკვევა, არის რეგისტრირებული ზურაბ ჟვანიას სახელზე. ეს არის იარაღის რომლის მართლსაწინააღმდეგო შეძენას და შენახვას ვედავებით ორივე ბრალდებულს.“ – განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება ასევე აქტიურად გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო კავშირზე.
ამავე თემაზე: