LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს – პაპუაშვილი უკრაინაში ვიზიტს აფასებს

108
Untitled design

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ორმხრივი სანქციების კუთხით, ისეთი ინსტრუმენტები არ აქვს, რომლითაც შეიძლება რუსეთის გადაწყვეტილებებზე რეალურად რაიმე ეფექტი მოახდინოს.

ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა უკრაინაში განხორციელებული ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს.

პაპუაშვილის თქმით, ქართულ დელეგაციას ამ საკითხზე უკრაინის რადას თავმჯდომარესთან გულახდილი საუბარი ჰქონდა:

“სანქციებთან დაკავშირებით საუბარი გვქონდა და ამასთან დაკავშირებით, სხვათა შორის, უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემაც აღნიშნა, რომ მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო რეგულაციებს, საქართველო, როგორც საერთაშორისო სისტემის ნაწილი, რა თქმა უნდა, ავტომატურად უერთდება და ამ კუთხით რაიმე პრეტენზიები არ არსებობს.

რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, აქაც, კარგია, რომ ოპოზიციონერმა წარმომადგენლებმაც ის ფორმულირება ზუსტად გამოიტანეს, რომელიც იქ ითქვა თავმჯდომარის მიერ, რომ საქართველოს იქნებ ორმხრივი სანქციების შესაძლებლობები განეხილა. ჩვენ ამაზეც გვქონდა გულახდილი საუბარი.

ჩვენ რასაც ვუყურებთ და ამაზე ვფიქრობ, რომ უკვე პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, ჩვენ არ გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები, ორმხრივი სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება რუსეთის გადაწყვეტილებებზე რეალურად რაიმე ეფექტი მოვახდინოთ, მაგრამ მთავარი ამ კუთხით, უკრაინისთვისაც და ჩვენთვისაც არის შემდეგი, რომ საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს შესაძლებლობა ექნება, სანქციებს გვერდი აუაროს და ეს არის მთავარი”, – თქვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ზოგი ინფორმაცია უკრაინაშიც დამახინჯებულად არის მიტანილი.

მისი თქმით, ამ მხრივ ხელისუფლებამ კომუნიკაციით საკუთარი როლი უნდა შეასრულოს, რათა უკრაინის საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, თუ როგორ უდგას მას გვერდით საქართველო:

“ეს იყო თბილი, მეგობრული ვიზიტი და მიღება. ჩვენი მასპინძელი ცდილობდა, განსაკუთრებული სითბო და ყურადღება ეჩვენებინა ქართული დელეგაციისთვის, მრავალპარტიული შემადგენლობა მისთვისაც მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ ამ დელეგაციამ მთლიანად ჩვენი ქვეყნის სოლიდარობა ჩაიტანა  ზოგადად, რა თქმა უნდა, ამ ვიზიტმა მოგვცა შესაძლებლობა ბევრი საკითხი გარკვეულიყო. მე ცალკე მქონდა შეხვედრა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარესთან, გვქონდა გაერთიანებული შეხვედრაც. ვფიქრობ, ყველა საკითხი გარკვეულია.

მთავარია, რომ დღეს, კრიზისულ სიტუაციაში განსაკუთრებით მოწყვლადია დეზინფორმაციისთვის საინფორმაციო სივრცე და ამიტომ, მნიშვნელოვანია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მედიაში ან სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან გაჟღერდეს, ერთმანეთთან გადამოწმდეს. ვფიქრობ, ჩვენ ამაზეც შევთანხმდით.

რაც შეხება ჩვენს დამოკიდებულებას, იქაც აღვნიშნე, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც 90-იან წლებში, 2008 წელს გამოვლილი აქვს 3 ომი, სადაც ჩართული იყო რუსეთი.

შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მგრძნობელობა გვაქვს და განსაკუთრებით ვუყურებთ, თუკი არსებობს რაიმე პრეტენზია, სადაც შეიძლება იყოს მინიშნება, თითქოს საქართველოს შეიძლება ცალკე, გვერდითი მოლაპარაკება ჰქონდეს რუსეთთან.

ვფიქრობ, უკრაინაში ჩვენი მეგობრებისთვისაც გასაგებია, რომ საქართველო ამ კუთხით განსაკუთრებული ქვეყანაა. ქვეყანა, რომლის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. შესაბამისად, ჩვენ განსაკუთრებული მგრძნობელობა გვაქვს, როდესაც ასეთი ტიპის პრეტენზიები შეიძლება გამოითქვას, მით უმეტეს, რომ ამის თქმის საფუძველი არ არსებობს. სამწუხაროდ, ჩანდა, რომ ზოგი ინფორმაცია უკრაინაშიც დამახინჯებულად არის მიტანილი. ამ კუთხით ვფიქრობ, ხელისუფლებამაც თავისი როლი უნდა შეასრულოს პროაქტიური კომუნიკაციით, რომ უკრაინის საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს, თუ როგორ უდგას გვერდით საქართველო”, – თქვა პაპუაშვილმა.

უკრაინაში არსებული ვითარების შეფასების დროს, პაპუაშვილმა პარალელი საქართველოსთან გაავლო და თქვა, რომ ეს სურათები ჩვენ 1990-იანი წლებიდან და 2008 წლიდან გვახსოვს:

“რა თქმა უნდა, ის, რაც ვნახეთ საზარელია. იქაც აღვნიშნე, რომ სამწუხაროდ, საზარელთან ერთად, ქართველებისთვის ეს არ არის პირველი, როდესაც ჩვენ ასეთი სურათები ვნახეთ. ჩვენ, ეს სურათები გვახსოვს 1990-იანი წლებიდან, გვახსოვს 2008 წლიდან, ჩვენთვის ეს ნაცნობია და გარკვეულწილად საქართველოში ნანახი ტრაგედია გააღვიძა.

ჩემს კოლეგასთანაც მქონდა საუბარი, რომ მნიშვნელოვანია და სწორედ ეს არის განსაკუთრებული, რასაც უკრაინის ხელისუფლება აკეთებს. სამწუხაროდ, თავის დროზე, 1990-იან წლებში არ იყოს ამის საშუალება, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია ამის სამართლებრივი დოკუმენტირება. როდესაც ბუჩაში ვიყავით, სადაც სამარხია, უცხოელი ექსპერტები მუშაობენ, მათ შორის, ფრანგი კრიმინალისტები, რომლებიც ზოგადად, გარემოს ექსპერტიზას აკეთებენ. ახლა, ეს არის ყველაზე მთავარი. მთავარი ახლა არის არა განცხადებები, კომენტარები და პოლიტიკური შეფასებები, არამედ სამართლებრივი შეფასებები.

ამიტომაც, კოლეგასთანაც მქონდა ამაზე საუბარი, რომ ჰააგის სასამართლო არის სწორედ ის ინსტანცია, სადაც ახლა უნდა მოხდეს ყველა დოკუმენტაციის დამაგრება, ამ დოკუმენტაციის სამართლებრივი შექმნა და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. ერთი დღით ადრე, სანამ ჩვენ ჩავიდოდით, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი იყო ჩასული. ამ კუთხითაც იცით, რომ ჰააგის სასამართლოსთან ურთიერთობის გამოცდილება გვაქვს და ყველანაირად შეგვიძლია დავეხმაროთ. მოკლედ, მთავარი არის ის, რომ ამ ყველაფერს უნდა მიეცეს შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, რასაც ჩვენ იქ ვხედავდით, ეს შეიცავს ომის დანაშაულების ნიშნებს. ფაქტია, ის, რაც ჩვენ ვნახეთ, დაწყებული სამოქალაქო შენობების დაზიანებით, სამოქალაქო პირებში ადამიანური მსხვერპლი, ყველაფერი ეს სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს. აქ ყველა უნდა იყოს ჩართული, რომ მოხდეს ყველაფრის სამართლებრივი დოკუმენტირება”, – თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, უკრაინაში 16 აპრილს ჩავიდა.

დელეგაციამ უკრაინაში შეხვედრა გამართა რადას სპიკერ რუსლან სტეფანჩუკთან და დეპუტატებთან. დელეგაციის წევრებმა უკრაინის ქალაქი ბუჩა და ირპენიც მოინახულეს.

დელეგაცია უკრაინიდან გუშინ დაბრუნდა.

magti 5g