LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო არ მოდის მხოლოდ მონაწილეობისთვის, ის გამარჯვებისთვის მოდის!..“ – როგორი იქნება საბავშვო „ევროვიზია“ თბილისში და რამდენი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას შოუში

116
1762506496-anita-web

13 დეკემბერს თბილისი „საბავშვო ევროვიზია 2025“-ს უმასპინძლებს. საქართველოს წარმოადგენს გოგონა, რომლის შესანიშნავმა ხმამ მთელი ქვეყანა აალაპარაკა – ანიტა აბგარიანი „რანინას“ გამარჯვებულია და „ევროვიზია 2025“-ზე გიგა კუხიანიძის მიერ დაწერილ სიმღერას Shine Like A Star შეასრულებს.

უცხოელი ბლოგერები სწრაფადვე გამოეხმაურნენ ანიტას ნამუშევარს, რომელიც „ევროვიზიისთვის“ შეიქმნა და საქებარი სიტყვები და შეფასებები არ დაიშურეს ქართველი მონაწილის მიმართ:

„ეს ძალიან განსხვავებული ნამუშევარია…“

„ძალიან ძლიერი და დრამატული კომპოზიციაა…“

„მომწონს გოგონას ხმა…“

„ჟიურის ძალიან მოეწონება და საინტერესოა, როგორ შეასრულებს ამ სიმღერას ცოცხლად, ძალიან ეფექტური შესრულებაა…“

„ვოკალურად ძალიან რთულია“

„საქართველო არ მოდის მხოლოდ მონაწილეობისთვის, ის გამარჯვებისთვის მოდის“, აღნიშნავენ ბლოგერები თავიანთ შეფასებებში.

„ამ ასაკში ასე სიმღერა წარმოუდგენელია…“

„ეს არის ნამდვილი ხელოვნება…“

„გამარჯვებული სიმღერასავით ჟღერს…“

„მისი ვოკალი სიგიჟეა…“

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი საბავშვო „ევროვიზია“ თბილისში გაიმართება, ვინაიდან წინა წელს გამარჯვებული გახდა ანდრია ფუტკარაძე და ამრიგად, საქართველომ შოუს მასპინძლობის უფლება მოიპოვა.

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის დირექტორმა მარტინ გრინმა საზოგადოებრივ მაუწყებელს მადლობა გადაუხადა მოსამზადებელი სამუშაოს სრულყოფილად გაწევისთვის და აღნიშნა, რომ საბავშვო „ევროვიზია“, რომელიც თბილისში გაიმართება, ჯადოსნური გამოცდილების გაზიარება იქნება მთელი მსოფლიოსთვის:

„მოხარული ვართ, რომ თბილისს 18 ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებელი და მათი დელეგაცია ეწვევა. საბავშვო „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსი ახალგაზრდული შემოქმედებისა და კულტურული მრავალფეროვნების უნიკალური ჩვენებაა და ყოველწლიურად ის გვახსენებს ევროპის მომავალი თაობის უსაზღვრო ენერგიასა და წარმოსახვას. მადლობას ვუხდით საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს მათი თავდადებისა და შემოქმედებითობისთვის, რომელიც მათ დაუვიწყარი ღონისძიებისთვის განსაცვიფრებელი სცენისა და ნამუშევრების მომზადებაში გამოიჩინეს. მოუთმენლად ველით ამ ჯადოსნური გამოცდილების მსოფლიოსთან გაზიარებას დეკემბერში“.

„საბავშვო ევროვიზია 2025“-ის აღმასრულებელი პროდიუსერის, ნათია მშვენიერაძის განცხადებით, წლევანდელი შოუ თვეების განმავლობაში გაწეული თავდადების, შემოქმედებითობისა და გუნდური მუშაობის შედეგი იქნება.

„ვამაყობთ, რომ უკვე მეორედ ვმასპინძლობთ ევროპის ყველაზე მხიარულ და შთამაგონებელ მუსიკალურ ღონისძიებას. წლევანდელი შოუ თვეების განმავლობაში გაწეული თავდადების, შემოქმედებითობისა და გუნდური მუშაობის შედეგი იქნება, რომელიც გააერთიანებს ჩვენი სცენოგრაფიისა და ტექნიკური სრულყოფილების საუკეთესო მხარეებს. ჩვენ გულთბილად მივესალმებით 18 მონაწილე მაუწყებლის დელეგაციას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და დაე, მუსიკამ ყველა გაგვაერთიანოს“.

ამ სურათს აქვს ცარიელი alt ატრიბუტი; ფაილის სახელი: 2025-11-27_12-05-33_581877.jpg

საქართველო კონკურსში 2007 წელს ჩაერთო და სწრაფადვე გახდა ფავორიტი ქვეყანა. სხვათა შორის, სტატისტიკის მიხედვით, საქართველო ყველაზე მეტჯერ გახდა საბავშვო „ევროვიზიის“ გამარჯვებული. საქართველოს წარმომადგენლებს სხვადასხვა დროს ამ შოუზე ტრიუმფალური გამოსვლები ჰქონდათ და ღონისძიება ოთხჯერ მოიგეს:

  • 2008 – ბზიკები, სიმღერით „ბზზ…
  • 2011 – Candy, სიმღერით Candy Music
  • 2016 – მარიამ მამადაშვილი, სიმღერით „მზეო“
  • 2024 – ანდრია ფუტკარაძე, სიმღერით „დედას“

საბავშვო ევროვიზია 2003 წელს დააფუძნა European Broadcasting Union (EBU)-მ, როგორც საბავშვო ვერსია უკვე ყველასთვის ცნობილი Eurovision Song Contest-ისა.

კონკურსის მთავარი იდეა იყო: 9–14 წლის ბავშვებისთვის უსაფრთხო და მასშტაბური საერთაშორისო სცენის შექმნა, ახალი ავტორებისა და კომპოზიტორების მხარდაჭერა, კულტურული მრავალფეროვნების და ბავშვების შემოქმედებითი თავისუფლების წახალისება. ფორმატი წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა მთავარი პრინციპი უცვლელი დარჩა — მთავარია ბავშვის ხმა, ნიჭი და ემოცია…

ევროპის ყველაზე დიდ საბავშვო მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი ქვეყნები: RTSH (ალბანეთი); AMPTV (სომხეთი); Ictimai (აზერბაიჯანი); HRT (ხორვატია); CyBC (კვიპროსი); France Télévisions (საფრანგეთი); საზოგადოებრივი მაუწყებელი (საქართველო); TG4 (ირლანდია); Rai (იტალია); PBS (მალტა); RTCG (მონტენეგრო); AVROTROS (ნიდერლანდები); MKRTV (ჩრდილოეთ მაკედონია); TVP (პოლონეთი); RTP (პორტუგალია); SMRTV (სან მარინო); RTVE (ესპანეთი); Suspilne (უკრაინა).

2025 წლის „საბავშვო ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსი გაიმართება 13 დეკემბერს, შაბათს, 20:00 საათზე, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში. ღონისძიებას ჟურნალისტი ლიზა წიკლაური და პიანისტი დავით ალადაშვილი გაუძღვებიან. პირდაპირ ტრანსლაციას ღონისძიების მასპინძელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g