საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა, ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას 62 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის განსახორციელებლად, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის დაფინანსებით (IBRD). მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ აღნიშნული სესხი საქართველოსთვის 2019 წლის 24 მაისს დაამტკიცა.
პროექტი მიზნად ისახავს ენერგომომარაგების საიმედოობის ზრდას დასავლეთ საქართველოში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (GSE) ფინანსური სიჯანსაღის უზრუნველყოფას და მის დახმარებას გრძელვადიანი კომერციული დაფინანსების მოპოვების მხრივ. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მიღწეული იქნება პროექტის სამი კომპონენტის საშუალებით, ესენია: ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის გაძლიერება, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ფინანსური გაჯანსაღებისა და კაპიტალის ბაზრებთან წვდომის მოსამზადებელი სამუშაოს მხარდაჭერა და სსე-ს დახმარება გრძელვადიანი კომერციული დაფინანსების მიღების კუთხით.
“პროექტი გაზრდის ელექტროენერგიის მიწოდებას და უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის გათიშვის პრევენციას, ის ასევე დაეხმარება სახელმწიფო ელექტროსისტემას გაცილებით მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო რესურსის გამოყენების კუთხით“, – აღნიშნა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მერსი ტემბონმა.
ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პროექტის შედეგები საზოგადოების კეთილდღეობაზე დადებითად უნდა აისახოს.
„ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის“ შედეგები საბოლოოდ ჩვენი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე, მეწარმეთა თუ მეურნეთა პროდუქტიულობაზე უნდა აისახოს“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.