LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფშია

25

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა მეორე შესარჩევი ეტაპის უკანასკნელ შეხვედრაში ჯგუფის ფავორიტ იტალიასთან ფრედ 2:2 ითამაშა, მეორე ადგილი დაიკავა და ახლა პლეი-ოფში ეცდება ევრო 2018-ის საგზურის მოპოვებას.

ავთანდილ ასათიანის გუნდი იტალიასთან გადამწყვეტ მატჩს 2 ქულით შეხვდა. საწყის შეხვედრებში, 8 და 9 აპრილს, „ჯვაროსნებმა” ერთნაირი ანგარიშით 1:1 ითამაშეს ჰოლანდიასთან და ბელარუსთან. მიუხედავად იმისა, რომ გადამწყვეტ მატჩს სტუმრები 2:0-ს იგებდნენ (მათ პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდათ), ქართველმა ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება და მესამე ქულის მოპოვება მოახერხეს.

საქართველოს ნაკრების მეტოქე 6 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში დაგეგმილი წილისყრის შემდეგ გაირკვევა. ასათიანის გუნდის შესაძლო მეტოქეები არიან უნგრეთი, ხორვატია, რუმინეთი, სერბეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და საფრანგეთი. ევრო 2018-ის უკანასკნელი ოთხი მონაწილე ორმატჩიანი დაპირისპირებით – შინ და გარეთ – გამოვლინდება. ფლეი ოფის თამაშები 10-13 და 24-27 სექტემბერს გაიმართება.

ევროპის 2018 წლის ჩემპიონატს გაისად, 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით სლოვენია უმასპიძლებს. სლოვენიელთა მხარდამხარ ფინალურ ეტაპზე ასპარეზობა უკვე გაინაღდეს იტალიის, აზერბაიჯანის, უკრაინის, პორტუგალიის, ესპანეთის, ყაზახეთის და რუსეთის ნაკრებმა გუნდებმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის საგაისო ჩემპიონატისკენ სვლა პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო. იანვრის მიწურულს „ჯვაროსნებმა” თბილისში უმასპინძლეს მეტოქეებს და დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს: ისრაელთან 3:0, შოტლანდიასთან 11:0, შვეიცარიასთან 6:3.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები