საქართველო კორონავირუსის მკურნალობისთვის საუკეთესო მედიკამენტის გამოსავლენად მსოფლიო მასშტაბის კვლევაში ჩაერთვება. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, კვლევის ორგანიზატორი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაა და სხვა სახელმწიფოებთან ერთად პროცესში მონაწილეობა საქართველოს, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ ქვეყანას შესთავაზეს. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კვლევაში ჩაეშვება 4 სხვადასხვა პრეპარატი, მათ შორის არის “რემდესევირი” და “პლაქველინი”. მისი განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით აღნიშნულ კვლევაში 7 კლინიკა ჩაერთვება. კვლევის დაწყების თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა ცერცვაძის განცხადებით პროცესი უახლოეს პერიოდში აიღებს სტარტს.
„იწყება ძალიან სერიოზული კვლევა. ასეთი კვლევა ბევრი ტარდებოდა, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულია მსოფლიო მასშტაბით. 4 სხვადასხვა მედიკამენტი იქნება ერთმანეთში შედარებული, თან ოთხივე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მესვეურებმა წარსული გამოცდილების საფუძველზე აარჩიეს. რა აზრი იქნებოდა ამ ოთხში ჩაერთოთ მედიკამენტი, რომლისგანაც აპრიორი არ ელიან შედეგს? ეს არის: „რემდესევირი“, რომელიც დღეს ფავორიტია და ბოლომდე არავინ იცის გაამართლებს თუ არა ამ ფავორიტობას; მეორე არის „პლაქვენილი“, რომელიც იყო ფავორიტი, შემდეგ განიცადა გარკვეული დისკრედიტაცია, მაგრამ სხვებზე უკეთესად მაინც რჩება; შემდეგ არის „ლოპინავირი-რიტონავირი“ და „ლოპინავირ-რიტონავირი“ პლუს „რინტეფეროლი“. ამ 4 სხვადახვა მედიკამენტის კომბინაციის შედარება მოხდება. წვდომა ექმნება ყველა პაციენტს. საქართველოში არავითარი შეზღუდვა არ იქნება, 7 კლინიკაა ჩართული და უმაღლესი დიზაინით ჩატარდება ეს კვლევა. როდესაც ასეთ კვლევაში მონაწილეობ, ეს ძალიან ბევრი გაგებით ნიშნავს, რომ ხარ ამ პროცესის ავანგარდში“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.