„დღეს საქართველოში ის მდგომარეობაა, როცა კანონპროექტში ასახული პირადი მოხმარების დეკრიმინალიზაცია ის მაქსიმუმია, რაც უნდა გაკეთდეს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ლევან კობერიძემ განაცხადა. ლევან კობერიძე ნარკოტიკების ლეგალიზაციის წინააღმდეგია.
“მიმაჩნია, რომ საქართველო და საზოგადოება დღეს ლეგალიზებისთვის მზად არ არიან. რეალურად, გაცილებით უფრო სხვა პრობლემები გვაქვს, ვიდრე მარიხუანის ან სხვა ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზაციაა. არცერთ ნარკოტიკულ საშუალებას არ გამოვყოფ, რადგან კანონპროექტში ყველა ნარკოტიკული საშუალება ერთი რეჟიმის ქვეშ განიხილება, რაც ძალიან მკაფიო პოზიციაა,” – ამბობს კობერიძე.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალებების დაყოფა მძიმე, მსუბუქ, კლუბურ, არაკლუბურ და მარიხუანად, აბსურდულია.
კობერიძე ყურადღებას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზეც ამახვილებს და ამბობს, რომ პარლამენტში ცვლილებებზე მსჯელობა უნდა გაგრძელდეს.
„ერთი თვე იმისთვის ავიღეთ, რომ პოზიციები ერთმანეთს მაქსიმალურად დაუახლოვდეს და შეჯერდეს, რათა პროცესს მსვლელობა მიეცეს. ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ რაც შეიძლება, დაჩქარდეს პროცესი,” – დასძინა კობერიძემ.
პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტს კი, ცვლილებები ამ დრომდე არ განუხილავს. ლევან კობერიძე აღნიშნული ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორია.