LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა

466
სალომე ბერაია

პეგას ტურისტიკი“ საერთაშორისო ტუროპერატორია, რომელსაც 30 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. ის საქართველოს ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. ეს არის კომპანია, რომელიც მზა ტურპაკეტებს ქმნის და აწვდის ტურისტულ სააგენტოებს. „პეგას ტურისტიკი“, ისევე, როგორც ტურიზმის სექტორის სხვა წარმომადგენლები, მსოფლიოში თუ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ არასტაბილურობას უყურებს, როგორც გამოწვევას და კრიზისიდან თავის დაღწევის ეფექტურ გზებს ეძებს.

სალომე ბერაია, საერთაშორისო ტუროპერატორის „პეგას ტურისტიკი“ გენერალური დირექტორი საქართველოსა და აზერბაიჯანში:

– ზაფხულის ტურისტული სეზონი გვიახლოვდება და ნამდვილად საჭირბოროტოა ის საკითხი, რომელიც ჩვენი სექტორის წინაშე დღის წესრიგში დგას. მოგეხსენებათ, ავიაცია და ტურიზმი მონათესავე სექტორებია და კრიზისულ პერიოდში პირველ დარტყმას ყოველთვის ჩვენ ვიღებთ ხოლმე. სამწუხაროდ, კოვიდ პანდემიიდან მოყოლებული, ყოველ წელს გვაქვს ახალ-ახალი გამოწვევები, თუმცა ამდენი წლის განმავლობაში უკვე იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ და სულ მზადყოფნაში ვართ უარესი სცენარისთვის. არც ეს წელიც იყო გამონაკლისი. არა მხოლოდ მსოფლიოსა და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ქვეყნის შიგნითაც უკვე რამდენიმე თვეა არასტაბილური ვითარებაა, რაც, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენს საქმიანობაზეც.

თუ შარშანდელ სტატისტიკას შევადარებთ, მიმდინარე წლის იანვრიდან მოყოლებული, გაყიდვებმა და მომართვიანობამ 35-40%-ის ფარგლებში იკლო. აპრილში, როგორც წესი, მთელი ზაფხულის საფრენოსნო პროგრამის, სადღაც, 60% გვქონდა ხოლმე ჩახურული, გაყიდული, იმიტომ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ქართველი დამსვენებლის სამომხმარებლო ქცევა საგრძნობლად შეიცვალა – 13 წლიანი საქმიანობით მივაღწიეთ იმას, რომ ქართველი დამსვენებელი ზაფხულის ჯავშნების კეთებას ადრე იწყებდა (ჩვენ ამას ვუწოდებთ ნაადრევ ჯავშნებს). თუმცა წელს, არასტაბილურობის გამო, მოგზაურობისგან ყველა თავს იკავებს, ცდილობენ, გადადონ მოგზაურობა ან მიწურულს დაგეგმონ შვებულება, ცდილობენ თანხის დაზოგვას, ხშირად ამოწმებენ ფასებს, მაგრამ თავს იკავებენ გადახდისგან.

დარწმუნებული ვარ, ეს ვითარება ნელ-ნელა ყველა სფეროს შეეხება, ყველა იგრძნობს მომხმარებლის რაოდენობის შემცირებას. თუმცა არის უკეთესის მოლოდინიც. ვიმედოვნებთ, ნელ-ნელა ყველაფერი გამოსწორდება. ამას წინა წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით ვამბობთ. ამასთან, თუ პანდემიის კრიზისიდან გამოსვლა შევძელით, ჩვენი სფერო არსებული ვითარებიდანაც შეძლებს თავის დაღწევას.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოგზაურობა ყოველ წელს ძვირდება. გასულ წელთან შედარებით ისევ გვაქვს ფასნამატი, დაახლოებით, 10-15%-ის ფარგლებში. თუკი გასულ წლებში ადვილი იყო ბიუჯეტურ ფასად მოგზაურობა საქართველოს საზღვრებს გარეთ, ახლა ეს უფრო და უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება მსოფლიოში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო.

ჩვენ არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ თუნდაც შარშანდელი წლის ნიშნულამდე მივალთ, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, მთავარი პერიოდი, როდესაც ნაადრევი ჯავშნების ტალღა უნდა მიგვეღო, სამწუხაროდ, ხელიდან გავუშვით, თავად მომხმარებელმაც დაკარგა იმის შანსი, რომ ესარგებლა რეალური 40-50%-იანი ფასდაკლებით. თუმცა, ჩემი გადმოსახედიდან, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მომხმარებელი საერთოდ შეიკავებს თავს მოგზაურობისგან. ვფიქრობ, ისინი დააკვირდებიან სიტუაციას და ბოლო წუთებში, მართალია უკვე გაძვირებული, ორმაგი და სამმაგი ფასებით, მაგრამ მაინც დაგეგმავენ საკუთარ შვებულებას.

– იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს რეგიონში არსებულ ტურისტულ პოტენციალს კარგად იცნობთ, როგორ შეაფასებდით მეზობელ ქვეყნებში ტურისტულად გადაადგილების შესაძლებლობებს?

– დიდი სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ჩვენს სამეზობლოში ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და განსაკუთრებით თურქეთს ჩამოვრჩებით სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებით, საქართველოს მიმართ ინტერესი არ ნელდება. ჩვენ არაერთი ჯგუფი მიგვიღია მეზობელი ქვეყნებიდან და ყოველთვის შემინიშნავს აღფრთოვანება როგორც ჩვენს კოლეგებში, ისე ტურისტებში. რა თქმა უნდა, სამუშაო ბევრია ინფრასტრუქტურის, მომსახურების განვითარების კუთხით, თუმცა ყველა იმ მეზობელ ქვეყანას, რომელიც უფრო განვითარებულია ამ მხრივ, მაინც არ ვუდებთ ტოლს იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის ძალიან მრავალფეროვანი. აქ ტურისტული ბაზარი არ არის მხოლოდ ერთი მიმართულებით განვითარებული, შეგვიძლია ყურადღება მივიპყროთ საზღვაო, სამთო კურორტებით, გასტროტურიზმით და ა.შ. როდესაც „პეგას ტურისტიკმა“ საქართველოში შემოსვლა გადაწყვიტა, კომპანიის მესვეურების სურვილი იყო, რომ საქართველო გამხდარიყო ჰაბი ჩვენივე პორტფოლიოში და დღემდე ვინარჩუნებთ ამ პოზიციას. საქართველოში ჩვენი ოფისი, „პეგას ტურისტიკის“ ოფისებს შორის, ყველაზე პატარაა, პერსონალით ყველაზე ნაკლებად დაკომპლექტებული, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ოფისია.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ტურისტული ნაკადების მოძრაობის კუთხით აქ შეფერხება გვაქვს. მოგეხსენებათ, პანდემიის შემდეგ ჯერ კიდევ არ გაუხსნიათ ორ ქვეყანას შორის სახმელეთო მიმოსვლა, თუმცა გაიზარდა საჰაერო მიმოსვლა – დღეში ოთხი რეისი სრულდება და ბილეთის შოვნა ძალიან რთულია. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არის არა მხოლოდ ტურისტული, არამედ ძალიან მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. თუ სახმელეთო მიმოსვლა მალე გაიხსნება ან თუნდაც დაინიშნება მატარებელი, აზერბაიჯანიდან კიდევ უფრო მეტ ტურისტს მივიღებთ.

– სამომავლო გეგმებზეც მოგვიყევით.

– ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია ტაილანდის მიმართულებამ. ეს განაპირობა იმანაც, რომ მოიხსნა სავიზო პროცედურები და ამ ქვეყანაში გამგზავრება გამარტივდა. ამიტომ დავამატეთ ეს მიმართულება და მომავალი წლის ზამთრის სეზონის განმავლობაში აქტიურად ვიქნებით ორიენტირებულები შორეული აზიის მიმართულებით.

– და ბოლოს, როდესაც მაღალმხარჯველუნარიან ტურისტზე ვსაუბრობთ, ვის მოვიაზრებთ მასში, საიდან გვინდა, რომ ასეთი ტურისტი საქართველოში ხშირად ჩამოდიოდეს?

– ერთია, რომ გვინდა და მეორე, ვინ ჩამოდის. სამწუხაროდ, ეს ორი, ჯერჯერობით, ერთმანეთს ვერ ემთხვევა. ამიტომ მაქსიმალურად იმ ბაზრებზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები, რომლებიც უკვე ათვისებულია, ახალი პოტენციური ბაზრების მოსაძიებლად  კი აუცილებელია ყოველდღიურად სწრაფვა განვითარებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g