ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ქართულ მხარესთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს აფასებს. როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოსთან შეთანხმება შედგა, რომ გაგრძელდეს ერთობლივი მუშაობა, რათა ქვეყანა ნატო-ს წევრობისთვის მოემზადოს.
მისი თქმით, რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება და თავისი ჯარები გაიყვანოს საქართველოს ამ რეგიონებიდან. ნატოს გენ. მდივანი ამბობს, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ ნატო-მ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში.
„ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ განვაგრძობთ როგორც საქართველოსთვის, ისე უკრაინისთვის ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაწევას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.