საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქალაქ მანილაში, რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) წლიურ შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის 51-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა.
როგორც მამუკა ბახტაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ინიციატივას 2016 წელს შეუერთდა.
„ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული ყველა რეგიონალურ პროექტში. ცენტრალური აზიის რეგიონი მდიდარია მინერალური რესურსებით. ეს ძალიან საინტერესო ბაზარია. თუმცა, ჩვენ გვჭირდება უკეთ მოვახდინოთ მსოფლიოს ამ რეგიონის ინტეგრირება მსოფლიო ეკონომიკაში. ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს მთავარი მიზანი. რა თქმა უნდა, საქართველოს და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ ამაში. საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან. ვფიქრობ, ევროპის აზიასთან დაკავშირება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონში მშპ-ს მაჩვენებელს. ამ ასპექტში ორი გამოწვევა გვაქვს. თუ შეხედავთ იმ ქვეყნების სტრატეგიას, რომელიც აბრეშუმის გზის ინიციატივის გასწვრივ მდებარეობს, ყველა ქვეყანა აქტიურ ინვესტირებას ახდენს ინფრასტრუქტურაში და რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო მეტი კავშირები გვჭირდება.
ამ ინიციატივის ფარგლებში აზერბაიჯანთან ერთად ჩვენ პირველი ერთობლივი სასაზღვრო პუნქტის მშენებლობის შესაძლებლობას განვიხილავთ. ასევე, მინდა აღვნიშნო კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობა, ვინაიდან ეკონომიკური მოდელი ეფექტური არ იქნება კერძო სექტორის გარეშე. ამ მხრივ აზიის განვითარების ბანკის გამოცდილება მნიშვნელოვანია.
მადლობა მინდა გადავუხადო აზიის განვითარების ბანკს საქართველოში კერძო საჯარო პარტნიორობის განხორციელებაში. რეგიონს უფრო მდგრადი განვითარება სჭირდება. ამას კი მცირე და საშუალო საწარმოებების განვითარება სჭირდება. CAREC-ისა და BRI -ს ინიციატივებს შორის სინერგიის შექმნა მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ. საქართველოს ძალიან სურს ამის განხორციელება ახლო პერსპექტივაში. მოხარულნი ვიქნებით ჩვენი გამოცდილება ჩვენს კოლეგებს გავუზიაროთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.