LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო სახელმწიფო თავდაცვის 2020 წლის ანტიკორუფციული ინდექსით კორუფციის საშუალო რისკის კატეგორიაშია

98
gdi-geo-2

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – თავდაცვა და უსაფრთხოების“ მიერ გამოქვეყნებულ „სახელმწიფო თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსის“ (GDI) 2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს 60 ქულა აქვს, რითიც თავდაცვის სფეროში „კორუფციის საშუალო რისკის კატეგორიაში“ ხვდება.

ამავე კატეგორიაში მოხვდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის1 კიდევ 5 ქვეყანა: ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა და ჩრდილოეთ მაკედონია. რეგიონში ყველაზე მაღალი ქულა ლატვიას აქვს – 67 (კორუფციის დაბალი რისკის კატეგორია), ხოლო ყველაზე დაბალი – აზერბაიჯანს – 15 (კორუფციის კრიტიკული რისკის კატეგორია).

რეიტინგში 100 ქულა კორუფციის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს.

საქართველოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შეფასებულ 15 ქვეყანას შორის საშუალოზე მაღალი საერთო ქულა აქვს (საქართველოს – 60, რეგიონი – 48).

ძლიერ მხარედ შეფასებულია, მაგალითად, თავდაცვის სფეროში ინფორმაციის თავისუფლება, როდესაც თავდაცვის სამინისტრო სრულ და, ძირითად შემთხვევაში, დროულად გასცემს საჯარო ინფორმაციას.

თუმცა, ორგანიზაციის შეფასებით, გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემური კომპონენტიც, რაც ქვეყნის სახელმწიფო თავდაცვის სისტემას კორუფციისადმი მოწყვლადს ხდის. ესენია: ანტიკორუფციული მექანიზმებისა და საპარლამენტო ზედამხედველობის სისუსტე, სახელმწიფო შესყიდვების გაუმჭვირვალე პროცედურების გამოყენება და მამხილებელთა არასათანდო დაცვა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – თავდაცვა და უსაფრთხოების“ მიერ საქართველოს შედეგების ანალიზში აღნიშნულია, რომ: „საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის და ამ სფეროში ჩადებული ინვესტიციებისა და რესურსების ზრდის ფონზე, აუცილებელია პარალელურად გაძლიერდეს ზედამხედველობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ინსტიტუციური მექანიზმებიც, რათა შემცირდეს კორუფციის რისკები.“

მთავარი გამოწვევები

კვლევის ავტორები საქართველოს შემთხვევაში 5 ძირითად კომპონენტს გამოყოფენ, სადაც ნაკლოვანებები არსებობს და საჭიროა გაუმჯობესება, რათა საქართველოს თავდაცვის სისტემაში შემცირდეს კორუფციის რისკი:

  1. სუსტი ანტიკორუფციული მექანიზმები

საქართველოს ჯერ კიდევ არ აქვს ერთიანი სამხედრო დოქტრინა, რომელიც კორუფციის საკითხებს აღიარებდა სტრატეგიულ საფრთხედ. ნატოსა და ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს საქართველო კორუფციის თავიდან აცილების ზომების მიღებას მთლიანად ამ პარტნიორ ძალებს ანდობს, თავად კი ეროვნულ დონეზე იგივე მიდგომები დანერგილი არ აქვს.

  1. სუსტი საპარლამენტო ზედამხედველობა

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტი ვერ ახორციელებს სათანადოდ ძლიერ ზედამხედველობას თავდაცვის სფეროზე. მაგალითად, არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როდესაც თავდაცვის კომიტეტმა უარი თქვა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი შესაბამისი კანონპროექტის დამტკიცებაზე. კანონპროექტების უმეტესობა მიიღება ან შესწორების გარეშე, ან მხოლოდ ტექნიკური ცვლილებებით, რაც ეჭვქვეშ აყენებს პარლამენტის ზედამხედველობის ხარისხს.

  1. ბიუჯეტის არასაკმარისი გამჭვირვალობა

თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია დიდწილად ზედაპირულია და თან არ ახლავს თანმიმდევრული დასაბუთება და დეტალიზება; ინფორმაცია ასევე არ არის ჩაშლილი პროგრამების მიხედვით. პარლამენტს არ აქვს საკმარისი წვდომა თავდაცვის ხარჯების შესახებ სრულყოფილ და დეტალურ ინფორმაციაზე.

  1. შესყიდვების გაუმჭვირვალე პროცედურების გამოყენება

2015-2017 წლებში (ბოლო მონაცემები) თავდაცვის სამინისტრომ შესყიდვების ბიუჯეტის მხოლოდ 26% დახარჯა შესყიდვების ღია და კონკურენტული პროცედურებით2, დანარჩენი თანხა დაიხარჯა ან საიდუმლო (51%) ან გამარტივებული შესყიდვის (24%) გზებით. შესყიდვების დახურული პროცედურების ასეთი დიდი წილი კორუფციის რისკებს წარმოშობს. ასევე პრობლემაა ქვეკონტრაქტორების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულების არარსებობა, რაც თავდაცვის სამინისტროს გარდა შესყიდვების მთლიანი სისტემისთვის კორუფციულ ხვრელს წარმოადგენს.

  1. მამხილებელთა არასათანადო დაცვა

მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სისტემაში არსებობს მხილების შიდა მექანიზმები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელ მამხილებლებზე არ ვრცელდება კანონით გათვალისწინებული დაცვის გარანტიები. შესაბამისი სპეციალური კანონმდებლბა 2015 წელს უნდა შემუშავებულიყო, თუმცა ეს დღემდე არ გაკეთებულა. დაცვის გარანტიების არარსებობა ამცირებს იმის შანსს, რომ პოტენციურ კორუფციულ დარღვევებზე ვინმე ხმას ამოიღებს თავდაცვის სტრუქტურების შიგნიდან.

რეკომენდაციები

იმისათვის, რომ საქართველოს სახელმწიფო თავდაცვის სისტემაში შემცირდეს კორუფციის რისკები, აუცილებელია, რომ:

კორუფცია გამოცხადდეს სტრატეგიულ გამოწვევად სამხედრო ოპერაციების დაგეგმვის დროს – საქართველოს შედეგების ანალიზში ვკითხულობთ: „იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაახლოება და მრავალმხრივ სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი საყრდენია, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ძლიერი ანტიკორუფციული მექანიზმები ჩადოს საკუთარ თავდაცვით სტრატეგიებში, მმართველობასა და სწავლებებში.“

გაძლიერდეს საპარლამენტო კონტროლი თავდაცვის სექტორზე – თავდაცვის სფეროზე სათანადო საპარლამენტო ზედამხედველობა უმთავრესი კომპონენტია ამ სფეროში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.

გაიზარდოს თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობა – პარლამენტს წვდომა უნდა მიეცეს თავდაცვასთან დაკავშირებულ დეტალურ ხარჯებზე, რათა მოხდეს თავდაცვის სფეროში საბიუჯეტო სახსრების გამოყენების საპარლამენტო ზედამხედველობა.

შემცირდეს შესყიდვების დახურული პროცედურების გამოყენება – იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სულ უფრო იზრდება თავდაცვისთვის გამოყოფილი დაფინანსება, აუცილებელია ამ თანხის შეძლებისდაგვარად დიდი ნაწილი დაიხარჯოს შესყიდვების ღია და კონკურენტული პროცედურებით, რათა მაქსიმალურად შემცირდეს კორუფციის რისკი. გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტრომ, ვალდებულების არარსებობის მიუხედავად, უნდა გამოაქვეყნოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორების შესახებ, რაც ასევე შეამცირებს კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის რისკებს.

ამუშავდეს მამხილებელთა დაცვის გარანტიები – თავდაცვის სისტემისთვის უნდა შემუშავდეს საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული მამხილებლის დაცვის სპეციალური რეგულაციები, ან არსებული კანონმდებლობა უნდა გავრცელდეს ამ სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებზე. გარდა ამისა, უნდა გაიზარდოს მხილების მექანიზმისადმი ნდობა ცნობიერების ამაღლების კამპანიებისა და სპეციალური ტრენინგების მეშვეობით.

სახელმწიფო თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსის შესახებ

„სახელმწიფო თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსი“ (GDI) შემუშავებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – თავდაცვისა და უსაფრთხოების“ მიერ, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გლობალური მოძრაობის ნაწილია. 

ინდექსი მიზნად ისახავს კორუფციის რისკის გაზომვას ეროვნულ თავდაცვის სექტორებში. იგი აფასებს ანტიკორუფციული ინსტიტუციური ზომების არსებობას, ეფექტურობასა და აღსრულებას ხუთ ძირითად კომპონენტში: ფინანსები, ოპერატიული კომპონენტი, პერსონალი, პოლიტიკური კომპონენტი და შესყიდვები. 

ინდექსი ფართო კვლევის შედეგად დგება, რომელიც მოიცავს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შედეგების შეფასების რამდენიმე ეტაპს და უკუკავშირის მიღებას თავად მთავრობებისგან. ინდექსი ეფუძნება სხვადასხვა სახის მტკიცებულებებს, მათ შორის სამაგიდო კვლევას და კონფიდენციალურ ინტერვიუებს. შეფასება აგებულია რისკის 212 ინდიკატორის გარშემო. საქართველოს შეფასებისთვის მონაცემთა მოძიებასა და საბოლოო შედეგების შეფასებაში მონაწილეობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომაც“ მიიღო.

„სახელმწიფო თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსი“ წელს მეორედ ქვეყნდება. პირველი კვლევა 2015-ში გამოქვეყნდა. 2020 წლიდან კვლევა ახალი მეთოდოლოგიით ტარდება, რის გამოც არ იძლევა 2015 წლის შედეგებთან შედარების შესაძლებლობას.

შედეგები ქვეყნდება რამდენიმე ტალღად, მსოფლიოს რეგიონების მიხედვით. ამ ეტაპზე გამოქვეყნებულია მხოლოდ სამი რეგიონი – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა, დასავლეთ და ცენტრალური აფრიკა, და შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა. დანარჩენი რეგიონების შედეგები 2021 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება, რის შემდეგაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახდება შესაძლებელი ქვეყნების შედარება.

წყარო: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – თავდაცვა და უსაფრთხოების“ მიერ გამოქვეყნებული „სახელმწიფო თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსი“ (GDI)

____________________________

1 კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა ამ რეგიონის 15 ქვეყანა: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ესტონეთი, საქართველო, უნგრეთი, კოსოვო, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, სერბეთი და უკრაინა.
2 თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ოფიციალური მონაცემებით, 2015-2017 წლებში სამინისტროს სრული შესყიდვების 51% საიდუმლო შესყიდვებზე მოდიოდა; ამავე პერიოდში საიდუმლო შესყიდვების გარდა დანარჩენი შესყიდვების 47% გამარტივებული შესყიდვის პროცედურით გაიხარჯა.

პოპულარულები