ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარტინა ქვიქს შეხვდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მრავალწლიანი, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის დინამიკა, მათ შორის, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( SIDA) მიერ საქართველოში მიმდინარე პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა.
ფინანსთა მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისა და იმ წვლილისთვის, რომელიც შვედეთს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით შეაქვს. უწყების ინფორმაციით, შვედეთის სამეფოს მხარდაჭერით, საქართველოში ფინანსდება ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები როგორიცაა – დემოკრატიული მმართველობის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა, განათლების სექტორი, გარემოს დაცვა, ვაჭრობისა და კერძო სექტორის განვითარება.