LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო სირიასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

85

“საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევა,”- ასე ეხმიანება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აღიარებას. აღნიშნულ საკითხზე სპეციალური ბრიფინგი უწყებაში  მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ გამართა. მისი განცხადებით, სამინისტრომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით პროცედურები უკვე დაიწყო.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად, ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და საპასუხო ზომები მიიღოს.

“აღნიშნული ქმედებით ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკუირ წმენდას. ამ გზით სირიის რეჟიმმა უგულებელყო სუვერენული სახლმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება.

აღნიშნულის გათვალისწინებით საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას.

მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად, ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები საპასუხოდ,” – აღნიშნა დავით დონდუამ.