ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონის ცენტრად ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა შევეხო ევროპის პალატის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს, რომლის სახელწოდებაა „ევროპის საუკეთესო ქვეყნების ბიზნესის კეთებისთვის“, რომლის მიხედვითაც საქართველომ გაიუმჯობესა პოზიცია და წინა წელთან შედარებით ჩვენ დავწინაურდით ორი ადგილით. 46 ქვეყანას შორის საქართველომ მე-18 პოზიციიდან გადაინაცვლა მე-16 პოზიციაზე. კვლევა არის ძალიან კარგი იმ თვალსაზრისით, რომ ბევრ განზომილებას ზომავს, მათ შორის ბიზნესის კეთებას, საკანონმდებლო საქმიანობას და ა.შ. ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წინსვლას, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონის ცენტრად ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ამიტომ მსგავს რეიტინგებში საქართველოს წინსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.