საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უახლოეს მომავალში 2 მატჩი ელის. ჯერ ჩვენები შინ უსუსტეს გიბრალტარს დაუხვდებიან, რამდენიმე დღეში კი ქალაქ ლაიფციგში უძლიერეს გერმანიას ესტუმრებიან. სანამ საქართველო ამ ორ შეხვედრას მოილევს, მანამდე ფიფამ ახალი სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც სასიამოვნო სიახლე: საქართველოს ნაკრებმა ახალ რეიტინგში მთელი 37 საფეხურით წაიწია წინ და 110-ე ადგილზე იმყოფება (308 ქულა).
შეგახსენებთ, სექტემბერში საქართველოს ნაკრებმა ორი ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა და 50%-იანი შედეგი აჩვენა. ჯერ თბილისში შოტლანდიას მოვუგეთ 1:0, ხოლო შემდეგ სტუმრად ირლანდიასთან ასევე მინიმალური ანგარიშით წავაგეთ.
ბარემ ვთქვათ, რომ ათეულის ლიდერი არ შეცვლილა და პირველ პოზიციაზე კვლავ არგენტინაა.