პროექტში – „იმუშავე საქართველოდან“ ჩართვის სურვილი, 2020 წლის 27 აგვისტოდან 2021 წლის 17 იანვრის ჩათვლით, 90 ქვეყნის 2000-ზე მეტმა მოქალაქემ გამოთქვა.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გაკეთებული განაცხადების საფუძველზე საქართველოში უკვე ჩამოვიდა 742 პირი. საპროგნოზო ინდიკატორების მიხედვით, ისინი საქართველოში 6 თვის განმავლობაში დაახლოებით 9 მილიონამდე აშშ დოლარს დახარჯავენ. პროექტში უკვე რეგისტრირებული 2 190 უცხოელის ჩამოსვლა კი, საშუალოდ, 6-თვიან პერიოდში 26 მილიონი აშშ დოლარის პოტენციურ დანახარჯს უდრის.
აღსანიშნავია, რომ უცხოელებიდან, რომლებმაც შესაბამისი აპლიკაცია უკვე შეავსეს: 58% თვითდასაქმებულია, 26% სრულ განაკვეთზე მუშაობს, ხოლო 16% – მეწარმეა.
შეგახსენებთ, პროექტი „იმუშავე საქართველოდან“, რომელიც პანდემიის პირობებში ტურიზმის სექტორის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეიმუშავა.
პროექტი ხელს უწყობს საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანი საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას, რომელთა საშუალო თვიური შემოსავალი 2 000 აშშ დოლარზე მეტია და ქვეყანაში მინიმუმ 6 თვე დარჩებიან.