რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელი იგორ კირილოვი ამტკიცებს, რომ „რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რიგი სუბიექტებისკენ შეინიშნება საქართველოდან კოღოების სხვადასხვა სახეობის გავრცელება, რომლებიც მანამდე მხოლოდ სამხრეთის ქვეყნებში იყო გავრცელებული“.
როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე განაცხადა.
„ლუგარის სახელობის ცენტრის დისლოკაციის რეგიონში (თბილისის) განსაკუთრებით უარესდება სიტუაცია დაავადებების მხრივ, რომლებსაც გადამტანი მწერები ავრცელებენ… ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სხვადასხვა სახეობის კოღოების, რომლებიც მანამდე მხოლოდ სამხრეთში გვხვდებოდა, გავრცელების არეალი ინაცვლებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის რიგი სუბიექტებისკენ“, – თქვა კირილოვმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგნელმა ასევე განაცხადა, რომ როსპოტრებნადზორის ცნობით, ტკიპების გავრცელებამ გამოიწვია ყირიმ-კონგოს ცხელების გავრცელება სტავროპოლის ტერიტორიაზე და როსტოვის რეგიონში.
მანვე აღნიშნა, რომ მწერების გავრცელების ასეთი დინამიკა რუსეთს იძულებულს ხდის, ყურადღება მიაქციოს ამერიკის მიერ გაცემულ პატენტებს:
“პატენტის აღწერაში მითითებულია, რომ ამ მოწყობილობის დახმარებით მოწინააღმდეგე შეიძლება განადგურდეს ისე, რომ აშშ-ის სამხედროები რისკის ქვეშ არ აღმოჩდნენ. მსგავსი გამოგონებები არ ითვლება საერთაშორისოდ აკრძალულ ბიოლოგიურ, ან ტოქსიკურ იარაღად”, – ამბობს კირილოვი. პატენტებში ის გულისხმობს უპილოტო საფრენ აპარატებს და თვლის, რომ მწერები მათი საშუალებით ვრცელდება.
ანალოგიური განცხადება იგორ კირილოვმა 2018 წელსაც გააკეთა.
მრავალი წლის განმავლობაში რუსეთი თბილისის ლუგარის ლაბორატორიას ადანაშაულებს ღორის აფრიკული ჭირის გავრცელებაში. კირილოვის თქმით, ღორის აფრიკული ჭირის გავრცელება საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში, ევროპის ქვეყნებსა და ჩინეთში 2007 წლიდან ფიქსირდება.