ჩვენი ხელისუფლება კერძო სექტორთან ერთად ბევრს მუშაობს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქციის ღირსეული დამკვიდრებისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ფოთში, კომპანია „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მან ბოლო წლებში ტექსტილის ნაწარმის ექსპორტის ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა.
ქუმსიშვილის განცხადებით, 2012 წელთან შედარებით 2017 წელს ამ პროდუქციის ექსპორტი 103.3 პროცენტით არის გაზრდილი.
„ტექსტილის და ტექსტილის ნაწარმის ექსპორტმა 2017 წელს 87.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 8.5 პროცენტით გაიზარდა. 2013-2017 წლებში ტექსტილის ექსპორტის საშუალო ზრდა 17.4 პროცენტს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2013-2017 წლებში ტექსტილის და ტექსტილის ნაწარმის ექსპორტის მოცულობა 408 მლნ აშშ დოლარი იყო, წლიურად საშუალოდ 82 მლნ აშშ დოლარი“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, 2017 წლის მდგომარეობით, ტექსტილის ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა თურქეთში ხორციელდება (73%-ზე მეტი), შემდეგ მოდის იტალია (13.2%) და სომხეთი (6.0%).
„ჩვენი ხელისუფლება კერძო სექტორთან ერთად ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ქართულმა პროდუქციამ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს და მოთხოვნადი გახდეს“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების მნიშვნელობას სხვადასხვა ქვეყნებთან.
„მე ცოტა ხნის წინ დავბრუნდი თურქეთიდან, სადაც ჩემს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ქართულ ბიზნესს ექსპორტის 20 პროცენტით გაზრდის შესაძლებლობა მიეცემა ამ ქვეყანაში. ასევე ვისაუბრეთ ისეთ შესაძლებლობაზე, რასაც ჰქვია „დიაგონალური კუმულაცია,“ როდესაც ჩვენ ვიღებთ ევროპის ნედლეულს, ნაწილს ვქმნით დამატებულ ღირებულებას თურქეთში, შემდგომ საქართველოში და საბოლოო ჯამში, შესაძლებლობა გვეძლევა ვისარგებლოთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით და პროდუქცია დამატებითი დაბეგვრის გარეშე გავიტანოთ ევროპაში, რაც ასევე დამატებით სტიმულს მისცემს ტექსტილში დასაქმებულ კომპანიებსაც, რომ გაზარდონ ექსპორტი“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მთავრობა ასეთ ფორმატში მუშაობს ბევრ ქვეყანასთან, რომ რაც შეიძლება მეტი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და რაც შეიძლება მეტი პროდუქტი გვქონდეს საექსპორტოდ საინტერესო და კონკურენტუნარიანი.