2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან 21 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 3512 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 153%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 142%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
2021 წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი, ძირითადად, განხორციელდა: რუსეთში (1,703 ტონა), სომხეთში (1,346 ტონა), უკრაინაში (375 ტონა), ყაზახეთში (40 ტონა), სლოვენიასა (28 ტონა) და ყირგიზეთში (20 ტონა).
რაც შეეხება ვაშლის ექსპორტს, 2021 წლის 1-ლი აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 2,780 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 1.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის მოცულობა 2,184 ტონით (44%), ხოლო ღირებულება – 347 ათასი აშშ დოლარით (16%) შემცირდა. საანგარიშო პერიოდში, ვაშლის ექსპორტის მოცულობის შემცირების ფონზე, საექსპორტო ფასი 49%-ით გაიზარდა.
2021 წლის 1-ლი აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (2,775 ტონა), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში.