საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებმა “რაგბი ევროპის” ჩემპიონატის მატჩში გერმანიის ნაკრებს, ავჭალის სტადიონზე უმასპინძლა და როგორც მოსალოდნელი იყო, მეტოქე დიდი ანგარიშით – 59:7 დაამარცხა.
ბორჯღალოსნებმა 2016 წლის პირველ მატჩში გერმანიას 9 ლელო დაუდეს.
საწყის 20 წუთში თამაშის აწყობა რომ გაუჭირდათ, ქართველთა შეცდომით მეტოქემ ისარგებლა და ლელო-გარდასახვით დაწინაურდა, მაგრამ მერე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, მორკინალების მიერ მოპოვებული უპირატესობა ქულებშიც აისახა და შესვენებამდე ბექა გორგაძე, მიხეილ ნარიაშვილმა, გიორგი ნემსაძემ და ანტონ ფეიქრიშვილმა ოთხი ლელო გაიტანეს, რასაც ლაშა მალაღურაძემ სამი გარდასახვა დაურთო – 26:7.
მეორე ტაიმის დებიუტში კვლავ გაჭირდა თამაშის დალაგება, მაგრამ ამჯერად ყველაფერი 10-15 წუთში გამოსწორდა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, დასკვნით 20-25 წუთში ანგარიშიც შესაბამისად გაიზარდა. ამჯერად ლელოები გიორგი თხილაიშვილმა, ლაშა ლომიძემ (2), ლაშა ხმალაძემ და შალვა სუთიაშვილმა გაიტანეს, მალაღურაძემ 4 გარდასახვა შეასრულა და რაგბი ევროს ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა დიდი ანგარიშით მოგებით და პრემიალური ქულით დაიწყო – 59:7
მორიგ მატჩს “ბორჯღალოსნები” 13 თებერვალს ლისაბონში, პორტუგალიის ნაკრების წინააღდეგ გამართავენ.
საქართველოს ნაკრები: ბექა წიკლაური, გიორგი ფრუიძე, დავით კაჭარავა, ლაშა მალაღურაძე, სანდრო თოდუა, ლაშა ხმალაძე, ვასილ ლობჟანიძე, მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი, ანტონ ფეიქრიშვილი, გიორგი ჩხაიძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი (კაპ), გიორგი თხილაიშვილი, ბექა გორგაძე.
სათადარიგოები: 23 გიორგი აფციაური, 22 რევაზ ჯინჭველაშვილი, 21 გიორგი ბეგაძე, 16 ზურაბ ჟვანია, 17 კახა ასიეშვილი, 18 გიორგი მელიქიძე, 19 ლაშა ლომიძე, 20 საბა შუბითიძე.
