შემუშავდა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სწრაფვას, გახდეს ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული ქვეყანა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან (CENN) ერთად, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა შეიმუშავა.
პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამის წარდგენის ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა გახსნა. პანელური დისკუსია გაიმართა პლასტმასის ნარჩენების პრევენციის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე. ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ ქვეყანაში არსებული პლასტმასის ნარჩენების შემგროვებელი და გადამმუშავებელი კომპანიების გამოფენა.
„ჩვენმა სამინისტრომ, უკანასკნელ წლებში, ნარჩენების მართვის კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა. შემუშავდა მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს სწრაფვას, გახდეს ნარჩენების პრევენციასა და რეციკლირებაზე ორიენტირებული ქვეყანა და უზრუნველყოს პლასტმასის პროდუქტების მდგრადი და უსაფრთხო მოხმარება და წარმოება. დოკუმენტი მოიცავს 10-წლიან სტრატეგიას და 5-წლიან სამოქმედო გეგმას, რომლებშიც წარმოდგენილია კონკრეტული გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს პლასტმასის მართვის სექტორში ცირკულარული პრაქტიკის დანერგვა, სადაც პრიორიტეტი პლასტმასის პრევენციას, ხელახლა გამოყენებასა და გადამუშავებას ენიჭება”, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
პლასტმასის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა შემუშავებულია ნარჩენების მართვის კოდექსის, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა (2016-2030) და ეროვნული სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად. პლასტიკის ნარჩენების პრევენციის ეროვნული პროგრამა ითვალისწინებს პლასტიკის მართვის მიმართულებით არსებულ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და მიდგომებს, რომელთა შესრულებაც პლასტმასის ნარჩენების პრევენციას შეუწყობს ხელს.