ბაქოში დასრულდა საჭადრაკო ოლიმპიადა, რომლის ბოლო საშეჯიბრო დღეს სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო. ქართულმა დელეგაციამ 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის დროშა ოფიციალურად ჩაიბარა.
ორი წლის შემდეგ საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმი უმასპინძლებს. ბაქოში იმყოფებოდა ევროპის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენი ზურაბ აზმიფარაშვილი და ვეტერანი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი. მინისტრს შეხვედრა ჰქონდა მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტთან კირსან ილუმჟინოვთან.
საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებებმა ოლიმპიადაზე შესაბამისად მე-10 და 24-ე ადგილები დაიკავეს. ქალებმა 15 ქულა დააგროვეს, 14 ქულა აქვთ ვაჟებს. ბოლო ტურში ვაჟთა ნაკრებმა თურქეთთან 1.5:2.5 წააგო. ქალებმა ავსტრია 3:1 დაამარცხეს. 32 წლის ქართველმა დიდოსტატმა ბაადურ ჯობავამ საჭადრაკო ოლიმპიადაზე ათ პარტიაში 8 ქულა მიითვალა და პირველ დაფაზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ჯობავას მსგავსად შესანიშნავად ითამაშა ნინო ბაციაშვილმა, რომელმაც 10-დან 9 პარტია მოიგო და ქალთა მე-4 დაფაზე მხოლოდ ჩინელ ჟონგი ტანს (2475) ჩამორჩა, რამაც ქართველ მოჭადრაკეს მცირე ვერცხლის მედალი მოუტანა.
მოლოდინისამებრ, ქალთა გათამაშების გამარჯვებული ჩინეთის ნაკრები გახდა, მეორე პოლონეთი იყო, ბრინჯაოს მედლი პოლონეთმა დაისაკუთრა. ვაჟთა შორის ოქროს მედალი აშშ-ს ნაკრებმა მოიგო, რომელიც ჩემპიონი 40-წლიანი შესვენების შემდეგ გახდა. ვერცხლის მედალი უკრაინის ნაკრებს, ბრინჯაო კი რუსეთს შეხვდა.
