LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ სლოვაკეთი იოლად მოითავა: ოთხშაბათს მთავარი მატჩია

42

საქართველოს ნაკრებმა სტუმრად სლოვაკეთი გაანადგურა და საერთო მიზნისკენ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა. ახლა ალბათ გადამწყვეტი ბრძოლა 7 სექტემბერს შინ მონტენეგროსთან იქნება გველის. თუ ჩვენმა კალათბურთელებმა ეს თამაში მოიგეს, უდიდესი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე წავა. თავად განსაჯეთ, შინ სლოვაკეთთან თამაში და გასვლაზე ალბანეთი დაგვრჩება, ამათთან მოგება კი როგორც ჩანს ფორმალობა იქნება, ბოლო თამაში სტუმრად მონტენეგროსთან გვაქვს და იმ დროისთვის 5-დან 5 მოგება თუ დაგვიგროვდა, ალბათ უკვე გადაწყვეტილი იქნება ყველაფერი. რომც წავაგოთ და მეორე ადგილზე გავიდეთ, წესით ამ მეორე პოზიციიდანაც გავალთ დასკვნით ეტაპზე. ისე, პირველი ადგილის ბედი ურთიერთშეხვედრებში ნაჩვენები შედეგებით გადაწყდება და გამოდის, რომ ოთხშაბათს საქართველომ მეტოქე თბილისში შეძლებისდაგვარად დიდი სხვაობით უნდა დაამარცხოს.

ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპი.
ბრატისლავა. 3 სექტემბერი
სლოვაკეთი 63:94 საქართველო
21:30, 8:22, 17:20, 17:22

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სლოვაკეთში მნიშვნელოვანი გამარჯვება საკმაოდ იოლად მოიპოვა. ილიას ზუროსის გუნდმა უბადლოდ ითამაშა და მასპინძელთა ეროვნულ გუნდს წარმატების ყველანაირი იმედი თავიდანვე მოუსპო. შეხვედრას უარყოფითი შედეგიც ჰქონდა – საქართველოს ნაკრებმა რიგი მიზეზების გამო სამი მოთამაშე უკვე პირველივე ტაიმში დაკარგა, რომელთაგან მონტენეგროსთან გასამართ მატჩში თამაში ორისთვის სათუოა.

დავიწყოთ ანატოლი ბოისათი, რომლის მომავალ შეხვედრაში თამაშიც ყველაზე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ბოისამ მეორე პერიოდში მძიმე ტრავმა მიიღო. დაცვაში ჩასვლის დროს მას დუდა სანაძე დაეჯახა და ანატოლის ცხვირი გაუტყდა. ის მედიკოსებმა ჰოსპიტალში წაიყვანეს და ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა იგი 7 სექტემბერს თამაშს.

მეორე მეოთხედის ბოლო წუთზე, როცა საქართველოს ნაკრები 21 ქულით – 50:29 იგებდა, სლოვაკი ბორის ბოიანოვსკი ზაზა ფაჩულიაზე გადამეტებული უხეშობის გამო არასპორტულად დაჯარიმდა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. მსაჯებმა დისკვალიფიკაციით დასაჯეს კონფლიქტში ჩართული ბესო ლეჟავა, ხოლო ინციდენტის დროს სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე შესვლისთვის ანალოგიური სასჯელი მიიღო ვიქტორ სანიკიძემ.

საქმე მოთავებული იყო, ქართველები 21 ქულით იგებდნენ, მაგრამ მოუთოკავი ემოციების გამო თავი საფრთხეში ჩაიგდეს. მართალია, მეორე ტაიმში ქართველებმა კიდევ უფრო დამაჯერებლად ითამაშეს და სლოვაკებს შანსი არ დაუტოვეს, მაგრამ ორი დისკვალიფიცირებული მოთამაშის გვარიანად სანერვიულოა. ითამაშებს თუ არა ლეჟავა მომდევნო მატჩში, ამას ფიბა-ს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს. სანიკიძეს კი მომდევნო შეხვედრის გამოტოვება არ ემუქრება.

გულშემატკივრობის მხრივ საქართველოს ნაკრებს თავი სტუმრად არ უგრძვნია. ავსტრიიდან და სლოვაკეთის მეზობელი ქვეყნებიდან ბრატისლავას „ჰანტ-არენაზე“ ქართული დიასპორის საკმაოდ დიდი დესანტი იყო თავმოყრილი. ქართული დროშები სლოვაკურს სჭარბობდა, ხოლო აქტიურობით ჩვენი თანამემამულეები მასპინძლებს არაფერში ჩამოუვარდებოდნენ.

ყველამ, ვინც თამაშში ჩაერთო, შესანიშნავად ითამაშა. თორნიკე შენგელიასა და ზაზა ფაჩულიას ტანდემმა მატჩის დებიუტში სლოვაკების ფარქეშვეთი დაიპყრო და ჩვენს ნაკრებს ამით დიდი უპირატესობა მოუპოვა შენგელია თავად ბლომად ბურთებს ყრიდა, უკანა ხაზიდან კი მას ზურგს მაიკლ დიქსონი უმაგრებმა, რომელმაც საბოლოოდ 4-დან 4 სამქულიანი, მთლიანობაში კი 16 ქულა (პლუს 7 პასი) მიითვალა. ბომბარდირ შენნგელიას კი ორმაგ დუბლამდე მცირედი დააკლდა – მის ანგარიშზე 18 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.

10 ქულას ასცდნენ დუდა სანაძე (14 ქულა), ბექა ბურჯანაძე (13) და ზაზა ფაჩულია (12).გიორგი ცინცაძის ანგარიშზე 6 ქულა, 6 პასი და 4 მოხსნა დაგროვდა. კარგად ითამაშეს სათადარიგოებმაც – ლუკა ზაქრაძემ, ბექა ბექაურმა, რომლებმაც სასტარტოების კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

NAKREBI2016-SLOVAKIA-GEORGIA-3 SEKTEMBERI

NAKREBI2016-SLOVAKIA-GEORGIA-3 SEKTEMBERI1

NAKREBI2016-SLOVAKIA-GEORGIA-3 SEKTEMBERI2

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები