„საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ძალიან მწვავე შეფასებები მოჰყვა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, ეს არის ძალიან ცუდი, რადგან ეს განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება თავისუფალი სამყაროს დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის ხელისუფლებაში, – ამის შესახებ პარტია “ფედერალისტების” ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
ბოკერიას თქმით, ამ ყველაფრის ფასს საქართველოს მოქალაქეები გადაიხდიან, მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისა.
„საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ძალიან მწვავე შეფასებები მოჰყვა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, ამ ტიპის მწვავე შეფასებები 2018 წლის არჩევნების მეორე ტურშიც კი არ ყოფილა. ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის, რადგან ეს განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება თავისუფალი სამყაროს დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, სანამ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი არის ხელისუფლებაში. ამ ვითარების ფასს, სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეები გადავიხდით, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა. ის, რომ ჩვენი კომპანიების აქციების ფასი დაეცა, ეს ერთ-ერთი ნიშანია ამ ყველაფრისა.
ეს არის ძალიან მძიმე ამბავი, რაც მოხდა. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, სრულიად კონტრპროდუქტიულად მიმაჩნია რაღაც შეთქმულების თეორიებზე წინასწარ საუბარი ელექტრონულად ხმის მიცემის დანაშაულებზე. ეს გააძლიერებს მთავრობის კონტრპროპაგანდას, როცა გაირკვევა, რომ ასე არ იყო.
რაც გააკეთეს 2020 წელს, ის გააკეთეს ახლაც, ოღონდ უფრო დიდი მასშტაბით. მაშინაც ხომ არ იყო ელექტრონული კენჭისყრა“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
ბოკერიას შეფასებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ომის შანტაჟის კამპანიამ ეფექტი გამოიღო, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდა.
„დამკვირვებლებმა რა ვითარებაც ნახეს ადგილზე და რის მიხედვითაც ეუთო/ოდირმა დაწერა ანგარიში, მათ ნახეს, რა ვითარება იყო გარეთ, უბანთან. ფაქტობრივად, ყველა ხმის შემოწმება ხდებოდა, თუ ვინ ვის მისცა ხმა. ნახეს, რომ იქვე ხდებოდა რიგ შემთხვევაში ფულის დარიგება. ეს ყველაფერი მიმდინარეობდა უტიფარი, მოღალატეობრივი, მაგრამ, სამწუხაროდ, ნაწილობრივ წარმატებული შანტაჟისა და ომის შიშის კამპანიის ფონზე. სამწუხაროდ, ამ უსინდისო შანტაჟმა ეფექტი გამოიღო, თუმცა ეს არ ხდის ამ არჩევნებს თავისუფალსა და სამართლიანს. ჩემი აზრით, შეცდომა იყო ოპოზიციისა და მედიის მხრიდან ამ უტიფარ საარჩევნო კამპანიაზე დუმილი და იგნორირება. მათ კარგად უნდა აეხსნათ, რომ რუსეთის პირისპირ მარტო დატოვება ომის რისკს პირიქით ზრდის და, როგორი მტკივნეულიც არ უნდა ყოფილიყო, უნდა გაგვეხსენებინა ის ეპიზოდები ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიიდან, როცა მარტოები დავრჩით და მაშინ რა გვიქნეს“, – განაცხადა ბოკერიამ.