საქართველოს ბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, როგორც სტუდენტებს, ისე ახალგაზრდა პროფესიონალებს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის სტიპენდიას სწავლის ან/და სხვა საჭიროებების დასაფინანსებლად.
ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი
– საქართველოს ბანკს ქვეყნის შიგნით ორი მთავარი სასტიპენდიო პროგრამა აქვს, ესენია საქართველოს ბანკის სტიპენდია და UniGrant სტუდენტებისთვის.
საქართველოს ბანკის სტიპენდიის დახმარებით საბაკალავრო საფეხურის მოტივირებულ, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს პირველივე კურსიდან აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. ამ პროგრამაში საქართველოს ბანკის უკვე 22 პარტნიორი უნივერსიტეტია ჩართული და მისი მეშვეობით უკვე 160-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა. საქართველოს ბანკის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება 15 აპრილს მთავრდება.
UniGrant სტუდენტებისთვის კი საქართველოს ბანკისა და MAC Georgia-ს ერთობლივი პროექტი გახლავთ. ეს სტიპენდია ხელმისაწვდომია ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტისთვის და ის ახალგაზრდებს ანიჭებს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სემესტრული გადასახადის 100%-იანი დაფინანსება და გრანტი საარსებო ხარჯებისთვის, ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად. აღნიშნულ პროგრამაზე განაცხადების მიღება კიდევ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
– სად უნდა შეავსოს სტუდენტმა განაცხადი და რა ეტაპებს გაივლის იგი სტიპენდიის მიღებამდე?
– არსებობს ვებგვერდი, სადაც სტიპენდიების შესახებ შესაძლებელია ინფორმაციის მიღებაც და განაცხადის შევსებაც. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების გუნდისგან და ბანკის ფილიალებში.
სტიპენდიის მიღებამდე სტუდენტი რამდენიმე ეტაპს გადის. უპირველესად, მან უნდა გააზიაროს საკუთარი პირადი მონაცემები და აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია – სად სწავლობს და რა თანხა ესაჭიროება და მცირე სამოტივაციო წერილი, რომლითაც აგვიხსნის, რატომ უნდა მიიღოს სტიპენდია. შემდეგ არის გასაუბრების ეტაპი, რომელზეც იკრიბება სპეციალური საბჭო. ის დაკომპლექტებულია საქართველოს ბანკის ერთი წარმომადგენლითა და იმ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალით, რომელსაც სტუდენტი წარმოადგენს.
– გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, რამდენ ხანში ენიჭება სტუდენტს საქართველოს ბანკის სტიპენდია?
– სტუდენტები დაფინანსებას ამავე სემესტრში მიიღებენ. ხშირად გვეკითხებიან, რა ხდება მაშინ, თუ სემესტრის თანხა უკვე გადახდილია, ეს არ წარმოადგენს პრობლემას, ის უკან დაგიბრუნდებათ და სწავლის საფასურს ჩვენ გადავფარავთ.
– როგორია საბანკო საქმის მიმართულებით დასაქმების პერსპექტივა წარჩინებული სტუდენტებისთვის?
– საქართველოს ბანკს აქვს პროგრამა „ლიდერატორი“, რომლის ფარგლებშიც სტუდენტი საქართველოს ბანკში ანაზღაურებად სტაჟირებას გადის 9 თვის განმავლობაში და შემდეგ უკვე საქმდება. დასაქმების პროცენტი ნამდვილად მაღალი გვაქვს, სტაჟიორების უმეტესობა ჩვენთან რჩება და აგრძელებს კარიერას. გარდა ამისა, ყოველწლიურად, რიგ შემთხვევებში წელიწადში ორჯერ, ყველა უნივერსიტეტს სტუმრობენ საქართველოს ბანკის დამსაქმებელი გუნდის წარმომადგენლები და სტუდენტებს იმ ვაკანსიებს აცნობენ, რომლებიც მათთვისაა შესაფერისი და რომლებიც ხელს უწყობენ მათ, სწავლას სამუშაო გამოცდილება შეუსაბამონ.
– იმ სტიპენდიებზეც ვისაუბროთ, რომლებითაც საქართველოს ბანკი სტუდენტებს უცხოეთში სწავლის საშუალებას აძლევს.
– გარდა ადგილობრივი სტიპენდიებისა, გვაქვს კიდევ სამი სტიპენდია საზღვარგარეთ სწავლისთვის. მათი მეშვეობით სწავლა ფინანსდება გერმანიაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. ამ პროგრამებს 10 წელზე მეტია ვახორციელებთ და ჩვენი ხელშეწყობით უკვე 50-ზე მეტმა სტუდენტმა ისწავლა უცხოეთში. ეს პროგრამები სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. ფინანსდება სწავლა სრულად, ცხოვრება და ასევე გამოიყოფა საარსებო ხარჯიც, რათა სტუდენტები მაქსიმალურად სწავლაზე იყვნენ ორიენტირებულები და არ ჰქონდეთ საფიქრალი ფინანსური საკითხები. ჩვენი მიზანია, საზღვარგარეთ გამოცდილების მიღების შემდეგ, სტუდენტები დაბრუნდნენ საქართველოში და მიღებული გამოცდილება საკუთარ ქვეყანას მოახმარონ.