LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და USAID-ი განახლებადი ენერგეტიკის სფეროში სამუშაო ძალის შესაძლებლობების განვითარების მიზნით ითანამშრომლებენ

122
პროექტი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) USAID-თან ენერგეტიკის სექტორში კადრების მომზადების შესახებ ახალი ორწლიანი პროექტის განხორციელებაზე ხელშეკრულება გააფორმა.

პროექტს „განახლებადი ენერგეტიკის სფეროში სამუშაო ძალის განვითარება“ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციასთან (GREDA) პარტნიორობით განახორციელებს, პროცესში სახელმწიფოს მხრიდან რვა საზოგადოებრივი კოლეჯი, განათლების და მეცნიერების სამინისტრო და პროფესიული უნარების სააგენტო აქტიურად იქნება ჩართული.

თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი დღეს სტეფანწმინდაში მოეწერა საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და  USAID-ის პროგრამას „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ შორის, ასევე, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციასა (GREDA) და პროექტში მონაწილე პარტნიორ ჰესებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

პროექტში მონაწილე მხარეებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მიესალმა, რომელმაც პროფესიული სწავლებისა და ამ პროცესში მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც ხელს უწყობს და პირდაპირ კავშირშია კვალიფიციური კადრების მწვავე პრობლემის გადაჭრასთან.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების პირველ ნაწილს მასპინძლობა დარიალი ჰესმა გაუწია, შესაბამისად, პროექტის მონაწილეებს ჰესის უნიკალური ჰიდროტექნიკური ნაგებობის, გვირაბებისა და ელექტრომექანიკური დანადგარების დათვალიერების შესაძლებლობა მიეცათ.

ღონისძიების გახსნის ცერემონიას USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის პროგრამების მენეჯერი მარინა ქუთათელაძე, USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ხელმძღვანელი დევიდ ბლოდი და  პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორი თამარ ქიტიაშვილი ესწრებოდნენ.

პროექტი „განახლებადი ენერგეტიკის სექტორში სამუშაო ძალის განვითარების ინიციატივა“ ორი სასწავლო პროფესიული პროგრამის შემუშავებასა და დანერგვას ითვალისწინებს, რომელთა შორისაა ჰიდროელექტროსადგურის ოპერატორის მოსამზადებელი სასწავლო ტრენინგ პროგრამა და მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟის კურსი. პროექტის დასრულების შემდეგ 33 კვალიფიციური ტრენერი შეძლებს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე 250 მსურველი გადამზადდება საქართველოს 8 რეგიონში. საერთო ჯამში, უახლოესი 10 წლის განმავლობაში პროგრამას 1300-მდე მსურველის გადამზადების შესაძლებლობა ექნება, რაც ამ ტიპის კვალიფიციური კადრების პრობლემასთან დაკავშირებულ გამოწვევას უპასუხებს.

„მადლობას ვუხდი USAID-ს ჩვენი ქვეყნისა და სექტორის მუდმივი მხარდაჭერისთვის, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და პროექტში ჩართულ ყველა პარტნიორს. მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო ამ პროექტის სასიცოცხლო მნიშვნელობა, რადგან ენერგეტიკის სექტორში კადრების დეფიციტი დღითი დღე უფრო მწვავდება, მაშინ როდესაც მწვანე ენერგეტიკა მთელ მსოფლიოში სწრაფი ტემპით ვითარდება და მიმდინარე მოვლენების ფონზე, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. დარწმუნებული ვარ, პროექტის განხორციელების შედეგად გადამზადებული ახალგაზრდები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ჩვენი ქვეყნის განახლებადი ენერგიის განვითარებასა და ენერგოდამოუკიდებლობაში“, – აღნიშნა GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ.

„მოხარულნი ვართ, რომ ოფიციალურად მოეწერა ხელი საგრანტო შეთანხმებას და დღეს ვიწყებთ პროექტის განხორციელებას. დარწმუნებული ვარ, პროექტი განსაკუთრებულ როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, ასევე კვალიფიციური კადრების მომზადების თვალსაზრისითაც, რომლის სიმცირე საქართველოს რეგიონებში ნამდვილად იგრძნობა. მადლობას ვუხდით USAID-ს ენერგეტიკული სექტორის და ჩვენი ქვეყნის აქტიური მხარდაჭერისთვის, ასევე, მადლობა ჩვენს პარტნიორ ასოციაცია GREDA-ს და პროფესიული უნარების სააგენტოს. ვიმედოვნებთ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ იმას, რომ ენერგეტიკის სექტორში საკადრო პრობლემები აღარ იყოს სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g