„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებები, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი თემა იყო.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის წესსა და მის ფუნქციებს, საჯარიმო სანქციებს და აღსრულების მექანიზმებს, ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმებს, ასევე, პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისთვის მონაცემების დამუშავების საკითხებს.
„პერსონალური მონაცემების დაცვა და მათი სწორი დამუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, შესაბამისად, კანონში ნებისმიერი სახის ცვლილებაზე სექტორის დროული ინფორმირება და კონსულტაციის გაწევა შესაძლოა გადამწყვეტი იყოს კანონის აღსრულების პროცესში, რომელიც ძალაში 2024 წლის მარტიდან შედის. მადლობას ვუხდით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს თანამშრომლობისთვის, დეტალური პრეზენტაციისა და დისკუსიისთვის“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გაფართოებულ ფორმატში კერძო სექტორთან შეხვედრას მიმდინარე წლის 14 ნოემბერსაც გამართავს, რომელზე დასწრებაც წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაა შესაძლებელი.