საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მარიანა მორგოშია დაინიშნა. მას მრავალპროფილური, საჯარო და კერძო სექტორებში მუშაობის 20- წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. აღნიშნული გამოცდილება მოიცავს ჯანდაცვის მენეჯმენტის, პროექტების მართვის, საბანკო და სოფლის მეურნეობის მიმართულებებს.
მარიანა მორგოშია ასევე სრულად ფლობს ინფორმაციას წარმოების სექტორში არსებულ პრობლემატურ საკითხებზე და ბიზნესასოციაციაში იგი ამ მიმართულებითაც აქტიურად იმუშავებს. ის იყო სააგენტოს – „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (APMA) დირექტორი.
საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ახალ მოადგილეს აქვს ჯანდაცვის სექტორში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება, რომელიც მოიცავდა თანამშრომლობას, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ასევე ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების მიმართულებით.
მარიანა მორგოშია ასევე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი, შესაბამისად, დეტალურად იცნობს, მომსახურების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ხარვეზებს. მას ნამუშევარი აქვს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებზე, როგორც პროექტების მენეჯერის ასევე ტრენერისა და ლექტორის ამპლუაში.
მარიანა არის ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის პროექტების მართვის პროფესიული სამაგისტრო პროგრამის, ასევე კავკასიის ბიზნეს სკოლისა და ლონდონის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის მენეჯმენტის სკოლის კურსდამთავრებული. იგი ასევე გახლავთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უცხო ენებისა და თარჯიმნობის ბაკალავრი.
„საქართველოს ბიზნესასოციაციის სახელით, მივესალმებით აღმასრულებელი დირექტორის ახალ მოადგილეს, მარიანა მორგოშიას. მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს შორის თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან პროდუქტიული და ეფექტიანი იქნება ჩვენი წევრი კომპანიების ინტერესების წინ წამოწევისა და დაცვის კუთხით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია ის სოლიდური გამოცდილება, რომელიც მარიანას მიღებული აქვს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით, რადგან ჩვენი ასოციაციის წევრი საკმაოდ ბევრი კომპანია სწორედ ამ სფეროებში მოღვაწეობს. კიდევ ერთხელ მივესალმებით მარიანას და წარმატებებს ვუსურვებთ ახალ ასპარეზზე“, – განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.