LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ჭეშმარიტი ადგილი არის ევროკავშირში, ეს პრინციპული არჩევანია და ხალხის გადასაწყვეტია რა მომავალს აირჩევს, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“ – რა გვითხრა საქართველოში მყოფმა ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა

122
ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი

ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები: ბაიბა ბრაჟე, მარგუს ცაჰკნა, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი და გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში იმყოფებიან.

ლიეტუვის პირველი დიპლომატის თქმით, „უცხოური აგენტების“ კანონის მიღება, ისევე როგორც ზეწოლის გაგრძელება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, შეაჩერებს საქართველოს პროგრესს ევროკავშირისა და ნატოსკენ სავალ გზაზე და თუ ეს მოხდება, პასუხისმგებლობა ცალსახად იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე.

„ჩვენ საქართველოში ჩამოვედით, როგორც თქვენი უახლოესი მეგობრები. მეგობრები, რომლებიც ზრუნავენ საქართველოსა და მის ხალხზე, ვინც ზრუნავს საქართველოს ევროპულ მომავალზე. უკანასკნელი კვირების განმავლობაში საქართველო კიდევ ერთხელ გამოჩნდა მედია „ჰედლაინებში”, უკიდურესად საკამათო „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის გამო, რომელიც გატანილ იქნა საქართველოს პარლამენტში, ასევე პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის სრულიად მიუღებელი გამოყენებისა და დაშინების ორკესტრირებული კამპანიის გამო არასამთავრობო ორგანიზაციებისა აქტივისტების წინააღმდეგ, მაგრამ, ამასთან, ქართველი ხალხის მიერ ნაჩვენები აღსანიშნავი სიმტკიცის გამო, რომლის შეჩერებაც ვერ მოხდა ძალადობისა და დაშინების გზით, რომელიც შეცდომაში ვერ იქნა შეყვანილი პროპაგანდის მიერ და რომლებმაც გახადეს საკუთარი მისწრაფებები გაგონილი და დანახული კვლავ და კვლავ.

თავისუფალ სამყაროში კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ფუნდამენტური თავისუფლებები ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოება არის კრიტიკული აქტივი და არა ვალდებულება. მხოლოდ არადემოკრატიული რეჟიმები ხედავს ჩახშობის მექანიზმებს ძალაუფლების შენარჩუნების გზად. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო არ წავა ამ მიმართულებით. ჩვენი აქ ჩამოსვლის პირველი მზიანი არის გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველას მიმართულებით, ვინც იბრძვის საქართველოს დემოკრატიული და ევროპული არჩევანისთვის, საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს და ის არ უნდა იქნას მიტაცებული ვინმეს მიერ. ჩვენი მეორე მიზანია ძალიან ცხადი გზავნილის გაჟღერება მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მისამართით, პარლამენტშიც და მთავრობაშიც – რისკებისა და სერიოზული შედეგების წინაშე დადგება საქართველო თუ ისინი განაგრძობენ ამ ძალიან სახიფათო კურსით სიარულს.

საქართველომ უკვე ბევრს მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე და არასდროს ყოფილა ამდენად ახლოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნასთან, როგორც ამას გასული წლის დეკემბერში მიუახლოვდა, მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა იმ გაგებით, რომ ის გაითვალისწინებდა დარჩენილ რეკომენდაციებს. თუმცა არც წარსულის მიღწევები და არც მომავალი პერსპექტივები არ შეიძლება იქნას მიღებული როგორც მოცემულობა, ძალიან ბევრი წელი და დიდი ძალისხმევა გახდა საჭირო, თუმცა ყველაფერი შეიძლება თვალის ერთ დახამხამებაში დაიკარგოს. ჩვენი მოვალეობაა, რომ ეს ყველაფერი გითხრათ თქვენ ისე, როგორც ეს არის. ნება მომეცით, ძალიან მკაფიო ვიყო – „უცხოური აგენტების“ კანონის მიღება, ისევე როგორც ზეწოლის გაგრძელება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, შეაჩერებს საქართველოს პროგრესს ევროკავშირისა და ნატოსკენ სავალ გზაზე. თუ ეს მოხდება პასუხისმგებლობა ცალსახად იქნება საქართველოს ხელისუფლებაზე. თუმცა ჯერ კიდევ არ არის დაგვიანებული.

ჩვენ მოვისმინეთ საქართველოს პრეზიდენტისგან, რომ ის გეგმავს ვეტოს დადებას კანონზე და ეს იქნება გამოსავლის შესაძლებლობა ხელისუფლებისთვის, რათა გაიწვიოს ეს სამწუხარო საკანონმდებლო ინიციატივა მთლიანად. არ უნდა იყოს ილუზია იმის შესახებ, რომ კოსმეტიკურმა შესწორებებმა, შეიძლება ეს კანონი გახადოს დემოკრატიასთან ან ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისი. ეს კანონი არ არის თავსებადი ევროპულ არჩევანთან. არ შეიძლება იმის გამოსწორება, რაც ფუნდამენტურად გაფუჭებულია.

ჩვენი გულწრფელი ინტერესია, დავეხმაროთ საქართველოს, რომ თავისი ევროპული მოგზაურობა დანიშნულების საბოლოო პუნქტამდე მიიყვანოს. საქართველო განეკუთვნება ევროპას. როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ თქვა თავის განცხადებაში სტრასბურგში, როდესაც საქართველო შეუერთდა ევროსაბჭოს: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი“ – და დიახ, თქვენ ხართ“,- განაცხადა ლანდსბერგისმა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ კი აღნიშნა, რომ „საქართველოს ჭეშმარიტი ადგილი არის ევროკავშირში, ეს პრინციპული არჩევანია და ხალხის გადასაწყვეტია რა მომავალს აირჩევს”. მისივე თქმით, მინისტრები აქ ქართველი ხალხისთვის ლექციის წასაკითხად არ ჩამოსულან.

„აქ ლექციების წასაკითხად არ ჩამოვსულვართ, თუ რა უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა, რადგანაც დემოკრატიულ სახელმწიფოებში ამისთვის არსებობს არჩევნები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველმა ხალხმა იცის თუ სადაა მათი მომავალი. ჩვენ აქ ჩამოვედით, როგორც საქართველოს ნამდვილი მეგობრები. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მეზობლად ცხოვრება ძალიან სახიფათოა და სამწუხაროდ, ასეთ დროს არ გაქვს არჩევანი იდგე შუაში. რუსეთმა ყველა მეზობელი ქვეყანა ისეთ პოზიციაში დააყენა, როდესაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ არჩევანი თავისუფლებასა და რუსეთს შორის. მე აქ ვარ, რადგანაც ესტონეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველო, როგორც ისტორიულად, ისე დღესაც. ჩვენ გვადარდებს ქართველი ხალხი.

გარკვეული კუთხით, ჩვენ ქართველებისთვის საუკეთესო მეგობრები ვართ და თქვენ ეს იცით. საქართველოს რეფორმებს ათწლეულების განმავლობაში ვუჭერდით მხარს და ჩვენ გავუზიარეთ საქართველოს შეხედულება, რომ საუკეთესო გზა დემოკრატიული და აყვავებული საქართველოსთვის არის ევროკავშირის წევრობა. ეს კანონი არღვევს ადამიანის უფლებებს და სამოქალაქო თავისუფლებებს, ყველაფერს, რასაც ევროკავშირი იცავს. ეს კანონი არის სიმბოლო არჩევანისა რუსეთსა და ევროკავშირს შორის.

ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროკავშირის გზას. ეს არის ცვლილება, რომელზეც ევროკავშირს აუცილებლად ექნება რეაქცია. ევროინტეგრაცია დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, როდესაც რეფორმებს ატარებ, იღებს სარგებელს, როგორიცაა, მაგალითად, უვიზო მიმოსვლა ან შესაძლებლობა, გახდე ევროკავშირის წევრი. როდესაც საქართველო უკან იხევს, თქვენ დაკარგავთ ამ რაღაცებს. ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, რეპრესიების შემთხვევაში ევროკავშირი, როგორც წესი სანქციებს აწესებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ვიზიარებთ საქართველოს მოსახლეობის შეხედულებას, რომ საქართველოს ჭეშმარიტი ადგილი არის ევროკავშირში. ეს პრინციპული არჩევანია და საქართველოს ხალხის გადასაწყვეტია რა მომავალს აირჩევს. ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“, – აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანება საჭიროებს ძალიან პრაქტიკულ პრაგმატულ ნაბიჯებს, იმისთვის რომ მოერგოს ქვეყანა, მისი სამართლებრივი სისტემა, აღმასრულებელი, ევროპულ სტანდარტებს.

ეს ევროპული სტანდარტები არის რომელიც ყველამ უნდა შევასრულოთ… ეს არის ჩვენ რაც გავაკეთეთ, ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ და ყველა კანდიდატ ქვეყანას ევალება იგივეს შესრულება, ამ მიმართულებით ძალიან რთულია გავიგოთ რატომ უნდა ყოფილიყო შემოღებული ეს კანონი ახლა

ჩვენ გავიგეთ გზავნილი ვეტოს შესახებ და ვიმედოვნებთ, რომ იგი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ მთავრობამ მთლიანად გადახედოს მის გადაწყვეტილებას. და გადაწყვიტოს ამ კანონით რეალურად ევროკავშირს გზაზე დგამენ თუ არა. კიდევ გვაქვს რიგი კანონპროექტებისა, რომლებზეც გვაქვს რიგი წუხილები, ასევე ჩვენ გვადარდებს საპროტესტო აქციები როგორ მიმდინარეობს და ის ძალადობრივი აქტები რომლებიც მიმდინარეობს, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი მოსახლეობის უსაფრთხოება, ეს არის ჩვენი ვიზიტის მთავარი ამოცანა. ჩვენ ვართ მეგობრები, რომლებიც ვართ ძალიან ღია და ძალიან დიდი კაპიტალი გავიღეთ საქართველოს დემოკრატიული მომავლის მშენებლობაში – აღნიშნა ბაიბა ბრაჟემ.

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირიმ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „დღეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ჩამოვიდა სოლიდარობის გამოსახატად საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი“.

„მე წარმოვადგენ პატარა სახელმწიფოს, რომელიც ყოველდღე სარგებლობს იმ ღირებულებების დაცულობის ბენეფიტებით, რომლებსაც ემუქრება აღნიშნული კანონმდებლობა და რასაც ის სინამდვილეში გულისხმობს. მე აქ ვარ იმის სათქმელად, რომ თავისუფლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებები არ არის ფასი ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გასაწევრიანებლად, არამედ არის ძალიან კონკრეტული გასაღები კეთილდღეობისა და მშვიდობის გასაზრდელად. ჩვენ ეს საკუთარი გამოცდილებით ვისწავლეთ და გვხვდა იმის ბედნიერება, გვემუშავა ბალტიის ქვეყნებთან და უშუალოდ გვენახა მათმა მოგზაურობამ როგორ მოიტანა კეთილდღეობა მათ საზოგადოებაში. ჩვენ ეს მოგზაურობა დავიწყეთ საქართველოს, მისი ლიდერებისა და მისი ხალხისადმი პატივისცემით. იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ საქართველო მივიჩნიოთ იმ სამყაროს ნაწილად, რომელიც გამოდის თავისუფლებებისა და უფლებებისთვის, რასაც თავს ესხმის რუსეთი და რაც არის ასახული საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტის მხარდაჭერაში, რომლებიც მხარს უჭერენ ტრანსატლანტიკურ გზას“,- განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თეთრი სახლის პრესმდივანი: თუ კანონპროექტი იქნება მიღებული, იძულებული გავხდებით, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ურთიერთობები საქართველოსთან

11 ამერიკელი სენატორი: შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის – კანონის მიღება ფუნდამენტურად შეცვლის საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობებს და ევროკავშირში წევრობის მისწრაფებებს დააზიანებს

პოპულარულები