წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს განცხადებას.
როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, CPT დადებითად აფასებს, რომ დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში შესანიშნავი თანამშრომლობა და სრული მხარდაჭერა ჰქონდა როგორც იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობისგან, ისე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისგან და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს პენიტენციური სისტემის გამჭვირვალობას.
მათივე ცნობით, ანგარიშის მიხედვით, დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების არასათანადო მოპყრობის არცერთ ფაქტზე. პირიქით, CPT-ის შეფასებით, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობა არსებობს.
აღნიშნულს გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე. მისი თქმით ევროპის საბჭოს CPT-ის დასკვნა არის იმ რეფორმების პირდაპირი და პოზიტიური შეფასება, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მიერ პენიტენციურ სისტემაში გატარდა.