სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა, – ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს, რომელიც წერს, რომ ამით საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს.
„საქართველოს მიზანია, საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა, რომლამდეც დარჩენილია 2 საფეხური. Fitch-ის დღევანდელმა გადაწყვეტილებამ, აღნიშნული მიზანი კიდევ უფრო მკაფიო გახადა.
მიმდინარე პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე, სარეიტინგო სააგენტოს მიერ რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება, ნათლად მიანიშნებს, Fitch-ის მაღალ სანდოობას ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ორიენტირებულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და ფისკალურ მდგრადობაზე.
რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად, სააგენტო ასახელებს მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას, რომლის საფუძველიც გატარებული სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა გახდა.
სარეიტინგო კომპანია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიმდინარე ძალისხმევა, რაც მოიცავს საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესებას, საჯარო ფინანსების მენეჯმენტის გაძლიერებას დღგ-ის ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების გზით და სახელმწიფო საწარმოების გამჭვირვალობის ზრდას, ხელს შეუწყობს ფისკალურ მდგრადობას. 2020 წელს, ბიუჯეტის 9.3-პროცენტიანი დეფიციტის შემდეგ, Fitch-ის პროგნოზით, ბიუჯეტის დეფიციტი 2021 წელს 6.8 პროცენტამდე, 2022 წელს 5.1 პროცენტამდე, ხოლო 2023 წელს 3.3 პროცენტამდე შემცირდება.
Fitch-ის შეფასებით, საქართველოს მთავრობამ შეძლო რისკების ადეკვატურად მართვა, ასევე დონორთა ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, შესაძლებელი გახდა საგარეო დაფინანსების საჭიროებების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.