საინვესტიციო ბაზრისა და აქტივების დივერსიფიცირების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული საინვესტიციო ინსტრუმენტის – ოქროს სერტიფიკატების გამოშვებასა და ოქროს ზოდების გაყიდვას იწყებს. შესაბამისი გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო.
ბოლო პერიოდში, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მომატებული ინფლაციისა და გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, ოქროზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ოქროში ინვესტირება ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო საშუალებაა, რომელიც მაღალი ლიკვიდურობით ხასიათდება და მოთხოვნა მუდმივად არსებობს. ოქრო დანაზოგების დივერსიფიკაციის კარგი საშუალებაცაა, ვინაიდან მასზე მოთხოვნა სწორედ მაშინ იზრდება, როდესაც სხვა ტიპის ინვესტიციები უფრო რისკიანი ხდება.
ოქროს სერტიფიკატი ოქროთი უზრუნველყოფილი უპროცენტო ფასიანი ქაღალდია, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს. ის გამყარებულია სერტიფიკატის ნომინალის იდენტური წონის ოქროს ზოდებით, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში ინახება. უმაღლესი სინჯის ზოდები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
სერტიფიკატის მფლობელს რამდენიმე უპირატესობა აქვს – მას შეუძლია სერტიფიკატის როგორც მეორად ბაზარზე გაყიდვა, ასევე მისი განაღდება და ეროვნული ბანკის საცავიდან კუთვნილი ოქროს ზოდის მიღება. ოქროს სერტიფიკატების შეძენას მომხმარებლები კომერციულ ბანკებში შეძლებენ.