ეროვნულმა ბანკმა მანდატის ფარგლებში, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში, სექტორთან და დაინტერესებულ მხარეებთან საჯარო კონსულტაციების გამართვის მეტი გამჭვირვალობისთვის სახელმძღვანელო დაამტკიცა.
სახელმძღვანელოში დეტალურადაა გაწერილი კონსულტაციების წარმართვის პროცესი და ვადები. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, არსებული პოლიტიკის მატერიალურ ცვლილებას იწვევს ან მას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება შესაბამის სექტორზე და საზოგადოებაზე, ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდება არამხოლოდ სამართლებრივი აქტების პროექტები, არამედ დაინტერესებული პირების მიერ ეროვნული ბანკისთვის მიწოდებული მოსაზრებები და წარმოდგენილ ხედვებსა და კომენტარებზე ეროვნული ბანკის საპასუხო შემაჯამებელი დოკუმენტიც.
სამართლებრივი აქტის პროექტის გამოქვეყნებისას ეროვნულმა ბანკმა პროექტს შესაძლოა, ასევე, თან დაურთოს იმ კონკრეტული თემების ჩამონათვალი და კითხვები, რომლებზეც საზოგადოების მხრიდან მოსაზრებების დაფიქსირება განსაკუთრებით საინტერესოა.
მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ საჯარო კონსულტაციებისთვის მინიმალური ვადა განისაზღვრა. სახელმძღვანელოს მიხედვით, სექტორს და საზოგადოებას მოსაზრებების წარმოსადგენად არანაკლებ 7 სამუშაო დღე ეძლევათ.
აღსანიშნავია, რომ ეს დოკუმენტი ეროვნული ბანკის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების შიდა სახელმძღვანელოს ნაწილია და ეროვნული ბანკი მასზე მუშაობისას ევროპის საბანკო უწყებისა (EBA) და ინგლისის ცენტრალური ბანკის სტანდარტებითა და გამოცდილებით ხელმძღვანელობდა.
სექტორთან და დაინტერესებულ მხარეებთან საჯარო კონსულტაციების გამართვის სახელმძღვანელო სექტორის ჩართულობითა და დაინტერესებულ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების გათვალისწინებით შემუშავდა.
სახელმძღვანელო (დანართებთან ერთად) ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა განთავსებული.