2018 წლის 2 აპრილს ჰამბურგის ახლად გახსნილ საკონცერტო დარბაზში – ElbPhilharmonie საერთაშორისო ფესტივალს „კავკასია“ ევგენი მიქელაძის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით დახურავს. ფესტივალის ორგანიზატორების მიწვევით, ეროვნული ორკესტრი გამართავს კონცერტს, რომლის სოლისტიც გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი იქნება. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დარბაზში ქართული სიმფონიური ორკესტრი სრული შემადგენლობით პირველად დაუკრავს. შესრულედება ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის სიმფონია N5 და Warzone, სერგეი რახმანინოვი – საფორტეპიანო კონცერტი N2, ასევე გაიმართება ნიკოლოზ რაჭველის სიმფონიური თხზულების The Silver Sun პრემიერა. პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
მსოფლიოს პირველი კლასის საკონცერტო დარბაზების სიას ჰამბურგის ElbPhilharmonie გასულ წელს შეემატა. შვეიცარული კომპანიის მიერ შექმნილი შენობის უნიკალური აქტიტექტურისა და მდებარეობის გამო, კონცერტებზე დასწრების მსურველთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, ბილეთის ყიდვა თვეებით ადრეც კი შეუძლებელია. გიგანტური აგურების საძირკველზე ნაშენ შუშის შენობას სამი მხრიდან ქალაქის მდინარე ესაზღვრება. 850 მილიონად ღირებული დარბაზი, რომელიც 10 წლის განმავლობაში შენდებოდა, იაპონური კომპანიის Yasuhisa Toyota მიერ შექმნილი უნიკალური აკუსტიკით ხასიათდება. ერთი წლის განმავლობაში ElbPhilharmonie ორ მილიონამდე მსმენელს უმასპინძლა.
ნიშანდობლივია, რომ 2 აპრილის კონცერტის ბილეთები 2 დღეში გაიყიდა.
2 აპრილს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით ElbPhilharmonie-იის დარბაზში ასევე გაიხსნება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში დაგეგმილი მუსიკალური პროგრამა, რომელიც მთელი წელი სხვადასხვა ქალაქში იქნება წარმოდგენილი.