LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ფოსტა“ – თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე ორიენტირებული კომპანია

1387
ლევან ჩიკვაიძე

საქართველოს ფოსტამ“, რომელიც ქვეყნის ლიდერი საფოსტო ოპერატორია, ბოლო წლებში მრავალი ძირეული რეფორმა განახორციელა როგორც საოპერაციო, ასევე სერვისების განვითარების მიმართულებით. კომპანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზეა ორიენტირებული, რაც მას მომსახურების ხარისხის და ვადების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების საშუალებას აძლევს. ამჟამად, საქართველოს მასშტაბით, „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვისცენტრი ფუნქციონირებს.

„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე „ბიზნესნიუსს“ ბოლოდროინდელ სიახლეებზე სასაუბროდ ეწვია:

– ცოტა ხნის წინ „საქართველოს ფოსტამ“, საჯარო რეესტრთან თანამშრომლობით, ტიტანური სამუშაო – ინდექსაციის პროცესი დაასრულა, ქვეყანაში ყველა გეოგრაფიულ ერთეულს ინდექსი მიენიჭა, რასაც საფოსტო დარგში საქმიანობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საფოსტო ინდექსი მისამართის შემადგენელი ნაწილია. არასრულად ითვლება მისამართი, თუ ის ინდექსს არ შეიცავს. გარდა იმისა, რომ ინდექსი აადვილებს ადრესატის მიგნება-მოძებნას, ის მნიშვნელოვნად ზოგავს საოპერაციო ხარჯებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ინდივიდუალური საფოსტო ყუთები არ გვაქვს, ამასთან, ერთ ქალაქში ერთი და იგივე დასახელების ქუჩები არსებობს, ინდექსაცია კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. აღსანიშნავია, რომ ეს ინდექსები მსოფლიო საფოსტო კავშირის ელექტრონულ პროგრამაში ინტეგრირდა, რადგან ქვეყნების უმრავლესობა უარს ამბობს ისეთი გზავნილის მიღებაზე, რომელზეც არ არის დატანილი გამგზავნის ინდექსი. ამას ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვს, ძირითადი კი ისაა, რომ ავტომატიზებული ტექნოლოგია ინდექსის გარეშე ვერ აღიქვამს მისამართს და გზავნილის უკან დაბრუნების შემთხვევაში, ის შეიძლება დაიკარგოს. საფოსტო ინდექსის მოძებნა შესაძლებელია „საქართველოს ფოსტის“ ვებგვერდზე – ქალაქის და ქუჩის აკრეფის შემდეგ მომხმარებელი იგებს, რომელ ინდექსს განეკუთვნება მისამართი.

– რას წარმოადგენს „საქართველოს ფოსტის“ პროდუქტი „მალეო“?

– „მალეო“ გახლავთ ელექტრონული პლატფორმა, რომლის მსგავს პროდუქტს ჩვენს ქვეყანაში სხვა ბევრი კომპანიაც წარმატებით იყენებს, თუმცა „მალეო“ შედარებით დაბალი ტარიფით გამოირჩევა, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრებლებისთვის. ამასთან, „საქართველოს ფოსტა“ უზრუნველყოფს, რომ გეოგრაფიული საცხოვრებელი ერთეულის მიუხედავად ტარიფი იყოს ერთგვაროვანი. მაგალითად, ელექტრონული ფორმით შეძენილ პროდუქტს თბილისისა და ყაზბეგის მოსახლეობა ერთი და იგივე ტარიფით მიიღებს.

„მალეო“ უცხოეთიდან ელექტრონული კომერციის გზავნილების მიღების საშუალებას იძლევა საქართველოში. „მალეომ“ ბევრ ევროპულ ქვეყანაში შეძლო სასაწყობე მეურნეობის შექმნა, საიდანაც პროდუქციის სახმელეთო გზით მოწოდება ხდება, თანაც დაბალი ტარიფით.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე.

– „საქართველოს ფოსტის“ ტერმინალის განახლების შესახებაც ვისაუბროთ.

– „საქართველოს ფოსტის“ ტერმინალი ამუშავებს, აგზავნის და იღებს ყველა სახის ტვირთს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ასევე, ასრულებს სატრანზიტო ტვირთების სრულ მომსახურებას. ტერმინალის ტერიტორია არის საქართველოს საბაჟოს კონტროლის ზონა, სადაც ინახება როგორც სტანდარტული, ასევე სპეციალური პირობებით შესანახი ტვირთი, ტერიტორიაზე განლაგებულია სახიფათო, ძვირფასი და მალფუჭებადი ტვირთის საწყობები, ასევე ტემპერატურული რეჟიმის საწყობები.

ტერმინალის განახლების პროცედურები, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ბიზნეს პროცესად შეიძლება ჩავთვალოთ, თუმცა „საქართველოს ფოსტა“, როგორც ეროვნული ოპერატორი, ორიენტირებულია სხვა ბიზნესების განვითარებაზეც მოქალაქეების სასარგებლოდ. ტერმინალის განახლებამდე ბევრი შეხვედრა გაიმართა სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ბიზნესებთან, რომელთა მიერ პირველ პრობლემად პროდუქციის საქართველოდან გატანა დასახელდა. აქედან გამომდინარე, შესაბამისი სპეციფიკით აღჭურვილი ტერმინალის მოწყობის გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ყველა სახის პროდუქციის, მათ შორის სოფლის მეურნეობის ბიზნესით დაკავებული კომპანიების პროდუქციის მიწოდება ხარისხის და ვადების დაცვით შევძლოთ.

– საფოსტო უსაფრთხოების დაცვაზეც გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც „საქართველოს ფოსტის“ საერთაშორისო აღიარებით განპირობებული პროცესია.

– „საქართველოს ფოსტა“ საერთაშორისო საფოსტო კავშირების – უნივერსალური საფოსტო კავშირისა (UPU) და ევროპის საზოგადოებრივი საფოსტო კავშირის (PostEurop) წევრია. 2016 წელს საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის ადმინისტრაციული საბჭოს CA-ს და საფოსტო ოპერაციების საბჭოს POC-ს წევრი გახდა. ამასთან, საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის ადმინისტრაციული საბჭოს CA-ს თავმჯდომარის მოადგილე ქვეყანაა. აღნიშნული ორგანიზაციებისთვის საფოსტო უსაფრთხოების საკითხებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე მიენიჭა, კერძოდ, უკრაინასა და ისრაელში არსებულმა საომარმა ვითარებამ და სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტმა ცხადყო, რომ საფოსტო ოპერატორი არ აღმოჩნდა მზად ასეთ გარემოში საქმიანობისთვის, ანუ საფოსტო ოპერატორი ვერ ასრულებს საკუთარ ფუნქციას, ერთი წერტილიდან მეორე წერტილს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ პროდუქტი. აქედან გამომდინარე, PostEurop-ში გადავწყვიტეთ შევქმნათ დოკუმენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ერთიანი საფოსტო რეგულაცია გვქონდეს ყველა ოპერატორს მსგავს გარემოში სამოქმედოდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g