საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ სავაჭრო პლატფორმის TEMU წარმომადგენლებს საქართველოში უმასპინძლა.
შეხვედრის მიზანი იყო არსებული თანამშრომლობის გაღრმავება, საერთაშორისო ლოგისტიკის ეფექტიანობის გაუმჯობესება და მომხმარებლებისთვის მაქსიმალური მოქნილობის უზრუნველყოფა.
მხარეებმა, შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს TEMU-ს მზარდი ბაზრის შესაძლებლობები საქართველოში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყანაში შემოსული ამანათების ჩაბარების სისწრაფეს, ტრეკინგის სისტემებისა და მომსახურების ხარისხის დახვეწას.
„მოხარულნი ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთაც საქართველო საინტერესო ბაზრად და სატრანზიტო პოტენციალის მქონე ქვეყნად მიაჩნიათ. TEMU-ს წარმომადგენლებთან დიალოგი და თანამშრომლობის მომდევნო ეტაპების დაგეგმვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მომხმარებლებისთვის თანამედროვე, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მომსახურების შეთავაზებას“, – განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.