LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს განვითარების ფონდმა“ საინვესტიციო სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა

124
11

„საქართველოს განვითარების ფონდმა“ სასტუმროში „ბორჯომი ლიკანი“ ახალი საინვესტიციო სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც პროფილური მედია საშუალებების წარმომადგენლები და ეკონომიკური ექსპერტები დაესწრნენ.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კაკულიამ გახსნა. „საქართველოს განვითარების ფონდის“ საინვესტიციო სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა წარადგინა. ფონდის ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა დიმიტრი ხორავამ ისაუბრა, ხოლო ფონდის შვილობილი კომპანიის „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ დამსწრეებს დამწყები ბიზნესების ფინანსური მხარდაჭერის ახალი შესაძლებლობები გააცნო.

„პრეზენტაციის ფარგლებში საკანონმდებლო, სტრუქტურული და ინსტიტუციური ცვლილებების შესახებ ვისაუბრეთ. ხაზი გავუსვით, რომ ყველა სტრატეგიული აქტივი, რომელიც ფონდის შემადგენლობაში იყო, სახელმწიფოს დაუბრუნდა. შესაბამისად, ფონდი სახელმწიფო ქონებას აღარ მართავს და დღეს ის უკვე ეფექტიანი, პროაქტიური სახელმწიფო საინვესტიციო ინსტიტუტია. ჩვენი მიზანია, კომერციულად მომგებიანი პროექტების განხორციელებით ხელი შევუწყოთ საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურულ ცვლილებებს. ფონდის მთავარ ამოცანებს დღეს ეკონომიკის დივერსიფიცირების ხელშეწყობა, ტრადიციულ დარგებზე მისი დამოკიდებულების შემცირება, ასევე, პრიორიტეტულ სექტორებში ადგილობრივი და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა და საქართველოს გლობალურ ეკონომიკებში ინტეგრირება წარმოადგენს. ამასთან, ჩვენი გეგმები მოიცავს კონკურენტუნარიანი ინდუსტრიული ბიზნეს კლასტერების შექმნას საქართველოს რეგიონებში. რაც შეეხება, ჩვენთვის პრიორიტეტულ საინვესტიციო სექტორებს, უმნიშვნელოვანესია ეკომეგობრული და მაღალტექნოლოგიური წარმოება, განახლებადი ენერგიები, სტარტაპები და ინოვაციური წარმოება, სამედიცინო ტექნოლოგიები, ასევე, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება და საქართველოს იმპორტდამოკიდებულების შემცირებაზე ფოკუსირებული წარმოება, რაც, საერთო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები