საქართველოს მომდევნო კვირაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი ეწვევა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Mehrnews.com წერს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს გარდა, ირანის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტებს რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთსაც გეგმავს.
ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს რეგიონული ტურნე აქვს დაგეგმილი, რომლის ფარგლებში საქართველოს ეწვევა, ვიზიტის დეტალებზე მუშაობა კი დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს.
ზარიფის განცხადებით, აპირებს იმ ქვეყნებში ჩასვლას, რომლებსაც ერთობლივი მუშაობით შეუძლიათ ხელი შეუწყონ მთიანი ყარაბაღის კრიზისის მოგვარებასა და რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ეს საკითხი სატელეფონო საუბრისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, მევლუთ ჩავუშოღლუსთანაც განიხილა.
სააგენტო წერს: რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ინფორმაციით, რუსეთისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრები – სერგეი ლავროვი და მოჰამად ჯავად ზარიფი 26 იანვარს, მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაზე, სხვა საერთაშორისო საკითხებთან ერთად, მთიანი ყარაბაღის გარშემო შექმნილ სიტუაციასაც განიხილავენ.