თურქეთის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების ჩინეთის ქალაქ უჰანიდან ევაკუაციას საფრანგეთუ განახორციელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი აცხადებს, რომ პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს და საქართველოს მოქალაქეები პრაქტიკულად უკვე გამოემგზავრნენ.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ჩინეთის ქალაქ უჰანში საქართველოს 3 მოქალაქე საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე რჩება.
კონსტანტინიდის ინფორმაციით, ამ ქალაქში სულ საქართველოს 10 მოქალაქე იმყოფებოდა, თუმცა, დაავადების გავრცელების საწყის ეტაპზე მათმა ნაწილმა ჩინეთი საკუთარი ინიციატივით დატოვა.
ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეები ანკარაში ჩაფრინდნენ (ვიდეო)
რამდენიმე მოქალაქემ ევაკუაციაზე უარი განაცხადა
“გუშინ განხორციელდა საქართველოს სამი მოქალაქის ევაკუაცია, ისინი დღეისათვის იმყოფებიან თურქეთში, მათ მიმართ დაწესდა სპეციალური საკარანტინო რეჟიმი და სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ გაივლიან 2 კვირიან სამედიცინო დაკვირვებას და ადგილზე მათ მდგომარეობას დააკვირდება ჩვენი საელჩო ანკარაში. ასევე, აი ახლა, სწორად ამ წუთებში დაიწყო დამატებით 2 მოქალაქის ევაკუაცია, რომელსაც ფრანგული მხარე ახორციელებს. ისინი პრაქტიკულად უკვე გამოემგზავრნენ. ანალოგიურად, ისინი განთავსდება საფრანგეთში სამედიცინო დაწესებულებაში, გაივლიან შესაბამისი სტანდარტებით საკარანტინო პერიოდს და შემდეგ დაბრუნდებიან საქართველოში. აქაც ჩვენი საელჩო საფრანგეთში მონიტორინგს გაუწევს,”- განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
მისივე თქმით, საელჩოს ასევე კომუნიკაცია აქვს 200 მდე საქართველოს მოქალაქესთან, რომლებიც დაავადების გავრცელების ზონაში არ არიან, თუმცა იმყოფებიან ჩინეთის ტერიტორიაზე.