საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2-3 თებერვალს EaPeReg ქსელის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების პირველ სამუშაო შეხვედრას მასპინძლებს.
როგორც “ფორტუნას” კომისიიდან აცნობეს, ექსპერტთა სამუშაო ჯგუფებში გაერთიანებულნი არიან აღმოსავლეთ პარტნიორობისა (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა) და ევროკავშირის (გერმანია, ლიტვა, პოლონეთი, რუმინეთი) ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები. ჯგუფებში იმუშავებენ, ასევე, მაკედონიის ელექტრონული კომუნიკაციების სააგენტოს ექსპერტები.
“თბილისის შეხვედრის მიზანია ჯგუფების სამუშაო გეგმისა და ფორმატის შემუშავება და დამტკიცება, ევროპის ექსპერტთა ჯგუფების გამოცდილების გაზიარება, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის განხილვა და სხვა,”- განაცხადეს კომისიაში.
შეხვედრებს გახსნიან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე და ამავე კომისიის წევრი მერაბ ქათამაძე.
სიხშირული სპექტრისა და ბენჩმარკინგის (შედარებითი ანალიზის) ექსპერტთა სამუშაო ჯგუფები 2015 წლის 5 ნოემბერს EaPeReg ქსელის პლენარულ სესიაზე კომისიის ინიციატივით შეიქმნა.
ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებელი პლატფორმა, ქსელი, შეიქმნა 2012 წლის 11 სექტემბერს, მოლდოვაში გამართულ პლენარულ სესიაზე, ავსტრიის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს ინიციატივითა და ევროკომისიის ხელშეწყობითა და დაფინანსებით.
ქსელის საქმიანობის მიზანია პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ-სოციალური განვითარების ხელშეწყობა მათი ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრების განვითარების გზით.
EaPeReg პროექტის ამოცანაა, დაეხმაროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, უკეთ გაერკვნენ ისეთი რთული საკითხების რეგულირებაში, როგორიცაა ელექტრონული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული საზოგადოების სფეროები.