ცესკოს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დროულად 08:00 საათიდან გაიხსნა და ხმის მიცემის პროცესი უკვე მიმდინარეობს – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
მან ამომრჩევლებს შეახსენა, რომ არჩევნებზე მისვლისას თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
ამასთან, ამომრჩევლები დღეს ხმას აძლევენ იმაზე უბანზე, რომელიც მათთვის პირველი ტურის დროს გაიხსნა და სადაც უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.
ანა მიქელაძემ არჩევნების წესების შესახებაც ისაუბრა.
„იმ შემთხვევაში თუ შემოხაზულია ორივე კანდიდატის რიგითი ნომერი, გადახაზულია ორივე კანდიდატი ან არცერთი კანდიდატი არ არის შემოხაზული ასეთი ბიულეტენი გაბათილდება და არ ჩაითვლება ნამდვილ ხმებში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხმის მიცემა ფარულია. დაუშვებელია ამომრჩევლის ნებაზე ნებისმიერი სახის კოპნტროლი. ამას გარდა დაუშვებელია საარჩევნო კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღბა“,- განაცხადა მიქელაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია.
„ასევე აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. გარდა ამისა, დღეს საღამოს 8 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებაც“,- დასძინა მიქელაძემ.
ანალოგიურ ინფორმაციას ამომრჩეველი ასევე ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრშიც მიიღებს, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს. სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრის ტელეფონის ნომერია – 2 51 00 51.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1 300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი, ხოლო საარჩევნო პროცესს გააშუქებს 2 300-მდე ჟურნალისტი.
ამასთან, ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ 1 დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციას 3 დამკვირვებელი, მედია ორგანიზაციას ასევე 3 წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს 1 წარმომადგენელი.