საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდაჭერის შესახებ საკანონმდებლო აქტის მიღებით კვლავ დასტურდება და იზრდება ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძალა, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საკუთარ გვერდზე წერს.
მთავრობის მეთაური აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას და კონგრესმენებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
“საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას უსვამს ხაზს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით აღნიშნული ფაქტი ქვეყნებს შორის მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას გაამყარებს.
„როგორც იცით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ამყარებს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორობას. „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ხაზს უსვამს ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორობის, ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს მოსახლეობისადმი გამოხატული სრული მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნებისმიერი მხარდამჭერი აქტი, ნებისმიერი ხმამაღალი დოკუმენტი, რომელიც ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს თანამშრომლობას არის ძალიან მნიშვნელოვანი.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი.
განცხადება “ტვიტერზე” გაავრცელა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა. როგორც ის წერს, შტატების სანდო სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა ამ მხარდაჭერის აქტის მიღებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯგუფის თავმჯდომარეებს მადლობა გადაუხადა.
კანონპროექტი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, ასევე მხარს უჭერს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნასა და საკუთარ სახლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას.