საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ქართველები ისრაელში ლეგალურად დასაქმებას დროებით, კონკრეტული მიმართულებით შეძლებენ.
საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ხელისუფლებამ მიმართა უცხოელი დამხმარე პერსონალის მოვლის დაწესებულებებში დასაქმების მიზნით
რეგისტრაცია, გუშინ, 12 აპრილიდან დაიწყო.
ვინ, რა პირობით შეძლებს ისრაელში ლეგალურად დასაქმებას-თემაზე „ბიზნესკურიერთან“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტური ისაუბრა.
რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, ვის აქვს შესაძლებლობა გაიაროს რეგისტრაცია, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პიროვნება, რომელიც გადაწყვეტს ისრაელში დასაქმებას?
„უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არიან 25-დან 45 წლამდე.
უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს, არ უნდა იყვნენ არასდროს ისრაელში ნამუშევრები, არ უნდა ჰყავდეთ ისრაელში მაცხოვრებელი ახლო ნათესავები, ახლო ნათესავებში იგულისხმება დედმამიშვილი, მშობელი და მეუღლე. ასევე უნდა იყვნენ ჯანმრთელები, რისთვისაც მოთხოვნილი არის შესაბამისი ცნობების წარმოდგენა.
არ უნდა იყვნენ ნასამართლევი და უნდა ფლობდნენ აუცილებლად შესაბამისი განათლების დამადასტურებელ ფორმალურ დოკუმენტს, აქ იგულისხმება შინ მოვლის სერტიფიკატი, ან ექთნის/დამხმარე ექთნის დიპლომი, ასევე უნდა იცოდნენ ინგლისური ან რუსული ენა სალაპარაკო დონეზე, ეს არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლებიც მოთხოვნილია ისრაელის მხარის მიერ და რომელსაც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მოქალაქე თუ სურს ამ სფეროში ისრაელში მუშაობა.
ბატონო გიორგი ვისაუბროთ უშუალოდ პირობებზე, რა პირობებში მოუწევთ ქართველებს მუშაობა? რამდენი სამუშაო დღე და საათია განსაზღვრული, თუ შეეძლებათ ზეგანაკვეთური მუშაობაც? თუ შეგიძლიათ, რომ დააკონკრეტოთ ანაზღაურებასთან დაკავშირებით ინფორმაცია.
რაც შეეხება სამუშაო ადგილს, ეს იქნება ხანგრძლივი მოვლის სპეციალური დაწესებულებები, სადაც ჩვენი მოქალაქეები იმუშავებენ.
რაც შეეხება სამუშაო პერიოდს და ხანგრძლივობას, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ 1 წლის ვადით შეეძლებათ ჩვენს მოქალაქეებს ისრაელში დასაქმება, სამუშაო საათებთან მიმართებაში, სტანდარტული სრული სამუშაო განაკვეთი ამ სფეროში ისრაელში არის კვირაში 6 დღე და 42 საათი, მეტი აღქმისთვის, ანაზღაურება შეკელიდან დოლარში რომ გადმოვიყვანოთ, დაახლოებით 1600 დოლარი არის თვიური ანაზღაურება დარიცხული ხელფასი ამ სფეროში.
რაც შეეხება ზეგანაკვეთურ სამუშაოებს, რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში ექნებათ ზეგანაკვეთურად მუშაობის შესაძლებლობა.
განსხვავებულად ანაზღაურდება ყოველი ზეგანაკვეთური საათი.
რა მოვალეობები შედის დამხმარე მუშაკების კომპეტენციაში, რა იქნება ქართველი მომვლელების მოვალეობა?
უნდა აღინიშნოს, რომ სამიზნე კატეგორია ძირითადად იქნებიან ასაკოვანი ადამიანები და შესაბამისად, ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები იქნება ამ ადამიანების მოვლა, დახმარება, გადაადგილება და მსგავსი აქტივობები.
როგორც აღნიშნეთ, ამ ეტაპზე ისრაელის მხრიდან ვაკანსია არის მხოლოდ ერთი მიმართულებით შემოთავაზებული – ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე, რამდენად იგეგემება სამომავლოდ პროგრამის გაფართოება?
„რაც შეეხება სფეროების გაფართოებას, მოლაპარაკებები პარალელურად გრძელდება და უფრო მეტს გეტყვით, ის ძირითადი ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელიც ისრაელთან გაფორმებულია ის თავისთავად მოიაზრებს, რომ სხვადასხვა სექტორებში ექნებათ ქართველებს დასაქმების შესაძლებლობა, ხოლო თუ რა სექტორები იქნება ესენი ეს უკვე დამატებითი ოქმების საფუძველზე თანხმდება ორ მხარეს შორის და სწორედ ეს პირველი მიმართულება, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე სამუშაო შესაძლებლობა არის ერთ-ერთი პირველი ოქმით განსაზღვრული.
შესაბამისად, სხვა მიმართულებებზე, როგორც კი მოლაპარაკებების ბოლო, დასკვნით ეტაპზე გადავალთ, აუცილებლად შესაბამისი დამატებითი ოქმი გაფორმდება და სხვა მიმართულებებიც აი ამგვარად დაემატება.
რაც შეეხება კოვიდრეგულაციებს, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს როგორც ვიცით, შევლენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები სამუშაოდ ისრაელში, თუ ისინი არ იქნებიან აცრილები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით?
რაიმე სახის კოვიდშეზღუდვას ხომ არ აქვს ადგილი?
ძალიან კარგი კითხვაა, დაგიდასტურებთ, რომ ისრაელი ვაქცინაციის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სრულად მოსახლეობა ჰყავთ აცრილი, როგორც მინიმუმ ერთი დოზით და უმეტესობა ვაქცინის მეორე დოზით იცრება.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, არ არის მოთხოვნილი, რომ წინასწარ ჰქონდეთ მოქალაქეებს ვაქცინა გაკეთებული, თუმცა ისრაელში ჩასვლის შემდგომ თვითონ ისრაელის მხარე იღებს ვალდებულებას, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც საბოლოოდ შეირჩევიან და ისრაელში ჩავლენ იქ მოახდენს ორივე დოზით ვაქცინაციას.
და ვფიქრობ საკმაოდ მნიშვნელოვანი კითხვაა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 1 წელი ექნებათ ქართველ დასაქმებულ პირებს ისრაელში მუშაობის უფლება, თუ გადააცილეს ვადას, ან თუ მოისურვა დასაქმებულმა პირმა დარჩენა ქვეყანაში, ვინ გააკონტროლებს ამას და რა ბერკეტებით? ხომ არ არის საფრთხე, ბატონო გიორგი, რომ ისრაელში ჩასული ქართველი მოქალაქე დარჩეს ქვეყანაში და მან არ ისურვოს სამშობლოში დაბრუნება? ვინ გააკონტროლებს ამ პროცესს?
რაც შეეხება პროცესის კონტროლს, კონტროლი იქნება საკმაოდ მკაცრი, ორივე მხარის მიერ, როგორც საქართველოს, ასევე, რა თქმა უნდა, ისრაელის მიერ.
რაც შეეხება იქ გახანგრძლივების შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში, როგორც ისრაელში დამსაქმებლის მხრიდან, ისე საქართველოს მოქალაქის მხრიდან, გარკვეული პერიოდით მათ ლეგალურად ექნებათ გახანგრძლივების შესაძლებლობა, თუმცა აი ამ დამატებით პერიოდის დასრულების შემდგომ, საქართველოს მოქალაქე აუცილებლად უკან უნდა დაბრუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უკვე არალეგალად ჩაითვლება და თავისთავად, არალეგალური მიგრაცია სხვა ნეგატიურ პროცესებთანაა დაკავშირებული.”-განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა „ფორტუნას“ეთერში საუბრისას.