LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოსახლეობა 2025 წელს განსაკუთრებულად კმაყოფილი სააფთიაქო მომსახურებითაა

110
მომსახურება

მომსახურების სფეროში მზარდი კონკურენცია ახალი სტანდარტების ჩამოყალიბებასა და მომხმარებელზე კიდევ უფრო ორიენტირებული მიდგომების დანერგვას მოითხოვს. ამ ფონზე განსაკუთრებით საინტერესო ხდება იმის შესწავლა, სად ხედავს მომხმარებელი კომფორტს და პროფესიონალიზმს და სად რჩება მოლოდინები დაუკმაყოფილებელი.

„ეისითი კვლევის“ (ACTR) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის – „საქართველოში სერვისების ხარისხი და მომხმარებლის გამოცდილება“ – მიხედვით, საქართველოს მოსახლეობამ მომსახურების ხარისხი, 2023 წელთან შედარებით, საშუალოზე მაღალი ქულით შეაფასა.

კვლევის მიხედვით, სააფთიაქო მომსახურება 2025 წელსაც ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას (8.75 ქულა) და ეს მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით გაუმჯობესებულია (8.59 ქულა). როგორც ჩანს, აფთიაქები მომხმარებელს კვლავ მათზე მორგებულ მომსახურებას აწვდიან, რაც მათ მაღალ კმაყოფილებას იწვევს.

მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ: გასართობ-შემეცნებითი მომსახურებები (8.26 ქულა) და სილამაზისა და თავის მოვლის მომსახურებები (8.24 ქულა) – ეს სფეროები მომხმარებლისთვის ემოციური და სოციალური კეთილდღეობის განმსაზღვრელი სერვისებია და მათი მაღალი შეფასება სერვისის ხარისხზე და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომებზე მიუთითებს.

კვლევის ფარგლებში მომსახურების ის სფეროებიც გამოვლინდა, რომლებიც მომხმარებლის მოლოდინებს ვერ აკმაყოფილებს. საქართველოს მოსახლეობა 2025 წელს ყველაზე ნაკლებად კმაყოფილი ჯანდაცვის სფეროში მიღებული მომსახურებითაა – საავადმყოფოები, კლინიკები, ლაბორატორიები (6.98 ქულა) და სადაზღვევო მომსახურება (7.23 ქულა).

ასევე, შედარებით დაბალი ქულებით ფასდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურებით კმაყოფილება (7.62) და სუპერმარკეტებში, ჰიპერმარკეტებში, მინიმარკეტებში, მაღაზიებსა და მოლებში მიღებული მომსახურება (7.66).

კვლევით ირკვევა, რომ მომხმარებელი მომსახურების შეფასებისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს:

  • მომსახურე პერსონალის თავაზიანობას და ყურადღებიანობას – 42%
  • კვალიფიკაციასა და პროფესიონალიზმს – 18%
  • სისწრაფესა და ოპერატიულობას – 9%

ცნობისთვის, გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით, 804 ზრდასრულ მოსახლეს შორის, საქართველოს მასშტაბით. გამოკითხვა მიმდინარეობდა 2025 წლის 22-26 აპრილს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება, საშუალოდ, არ აღემატება 3.5%-ს. გამოყენებული მეთოდი – სატელეფონო გამოკითხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g