საქართველოს მოსახლეობის 42% რადიოს მსმენელი არ არის. ამის შესახებ იმ კვლევიდან ხდება ცნობილი, რომელიც სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად ჩაატარა.
კვლევის მიხედვით, დანარჩენი 58% ორ კატეგორიად იყოფა – აქტიურ და პასიურ მსმენელებად.
,,აქტიურ მსმენელებში იგულისხმებიან ისინი, ვინც რადიოს თითქმის ყოველდღიურად ან კვირაში რამდენჯერმე 30 წუთზე მეტი დროის განმავლობაში უსმენენ. ასეთია გამოკითხულთა 31.4%. დანარჩენი 26.6% კი, რომლებიც ან მოკლე დროის განმავლობაში უსმენენ რადიოს, ან ნაკლები სიხშირით, პასიურ მსმენელთა კატეგორიას მიეკუთვნებიან. ყველაზე ხშირად მსმენელები მუსიკასა და საინფორმაციო გამოშვებებს უსმენენ. მუსიკას სხვადასხვა ხანგრძლივობით, მაგრამ ყოველდღიურად ან კვირაში რამდენჯერმე 55%-ზე მეტი უსმენს, ხოლო საინფორმაციო გამოშვებებს – 48%-ზე მეტი”, – ნათქვამია კვლევაში.
მათივე ინფორმაციით, დანარჩენ რადიო პროგრამებს (პოლიტიკურ დისკუსიებს, შემეცნებით-საგანმანათლებლო და გასართობ გადაცემებს) მსმენელთა ნახევარზე მეტი არასდროს ან თითქმის არასდროს უსმენს.
კვლევის მიხედვით, მსმენელთა უმრავლესობა (66.4%) რადიოს ტრანსპორტსა და ქუჩაში უსმენს, თუმცა, ზოგიერთ ზონაში უფრო გავრცელებულია რადიოს სახლში მოსმენა. რაც შეეხება დროის მონაკვეთს, გამოკითხულთა უმეტესობა აღნიშნავს, რომ ამისთვის კონკრეტული დრო მათ არ აქვთ.
ააიპ ,,სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” რადიომაუწყებლობის პრიორიტეტების დასადგენად საზოგადოებრივი კვლევა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით ჩაატარა.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ორ წელიწადში ერთხელ საზოგადოებრივი აზრის შესწავლის საფუძველზე განსაზღვრავს და აქვეყნებს რადიომაუწყებლობის პრიორიტეტებს ლიცენზიის მაძიებლებისათვის.