LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავრობა ევროკომისიას შევსებულ კითხვარს 2 მაისს გადასცემს

59
ილია-დარჩიაშვილი-საგარეო-საქმეთა-მინისტრი-768x445

საქართველოს მთავრობა ევროკომისიას შევსებულ კითხვარს ორშაბათს გადასცემს.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, აღნიშნული კომისია არის მთავარი მაკოორდინირებელი პლატფორმა ჩვენი კითხვარის შევსების პროცესში. აღნიშნულ კომისიაზე ჩვენ განვიხილეთ ყველა მიმდინარე საკითხი. აღსანიშნავია, რომ 15 აპრილს, როდესაც ჩვენ წინა კომისიის ფარგლებში გვქონდა შეხვედრა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან განისაზღვრა კონკრეტული შიდა თარიღები, რომლის ფარგლებშიც უნდა მომზადებულიყო აღნიშნული კითხვარის პირველი ნაწილი, რომელიც გადმოგვეცა. მინდა გაცნობოთ, რომ დღეს ჩვენ კომისიის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად განვიხილეთ აღნიშნული საკითხი. კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით, უზარმაზარი სამუშაო გაიწია და საქართველოს მთავრობა ორშაბათს კომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც გადმოგვეცა დასამუშავებლად“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ კითხვარის პირველი ნაწილის მსგავსად მეორე, სექტორული ნაწილიც გასაჯაროვდება.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ამ პროცესში ჩართულ ყველა უწყებას და თითოეულ ადამიანს კითხვარის პირველი ნაწილის შევსებაზე გაწეული ძალისხმევისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უწყებებს მოუწოდა, განაგრძონ აქტიური მუშაობა კითხვარის მეორე ნაწილზეც, რათა ისიც, პირველი ნაწილის მსგავსად, ეფექტიანად და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში შეივსოს.

“პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა კითხვარის მეორე, სექტორული ნაწილის შევსებაზე, რომელიც აერთიანებს 33 თავს და მოიცავს 2300-მდე კითხვას ყველა სექტორული მიმართულებით. სხდომაზე იმსჯელეს კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობის დასრულების ვადებზე. აღინიშნა, რომ პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კითხვარის მეორე ნაწილის მიწოდების თარიღად ევროკავშირმა 13 მაისი განსაზღვრა, თუმცა საქართველოს მთავრობის სურვილია, ევროკავშირს კითხვარი მაქსიმალურად მოკლე ვადაში, დათქმულ ვადამდე მიაწოდოს”, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შევსებული კითხვარის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g