საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ორი ახალი კანდიდატი შეარჩია. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ლალი ფაფიაშვილისა და ოთარ სიჭინავას კანდიდატურებს საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს 31 აგვისტომდე წარუდგენს.
საქართველოს მთავრობის განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე 2 კანდიდატი ჩანაცვლდა, გუშინ გამოიცა.
მთავრობამ სამთავრობო კომისიის მიერ მისთვის წარდგენილი ოთხი კანდიდატიდან შეარჩია: ლალი ფაფიაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე და თავმჯდომარის მოადგილე და ოთარ სიჭინავა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
განკარგულების მიხედვით, საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა არა მხოლოდ სამთავრობო კომისიის თავმჯდომარის წარდგინება და კომისიის მუშაობის შედეგები, არამედ, ასევე, მხედველობაში მიიღო ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიის წერილი, სადაც ექსპერტები კანდიდატის დადებით მხარედ უზენაეს ან საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის გამოცდილებას ასახელებდნენ.
რაც შეეხება კიდევ ერთ კანდიდატს − ლადო ჭანტურიას, ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიის წერილში ნათქვამია, რომ ის ევროპული კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და, შესაბამისად, წარმატებით აგრძელებს კონკურსს.
25 ივლისს გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში მოსამართლეობის სურვილი 28 პირმა გამოთქვა. სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ კონკურსანტების საბუთების საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ გასაუბრებაზე 8 პირი დაიბარა. მათგან 7 კანდიდატს სამთავრობო კომისია ინდივიდუალურად გაესაუბრა. მე-8 კანდიდატი გასაუბრებაზე არ გამოცხადდა. გასაუბრებები 26 აგვისტოს გაიმართა.